ოთარ კახიძემ სამარცხვინო უწოდა პროკურორის განცხადებას, რომ მ.კ-ს მიზანი დაპირისპირებულების გაშველება იყო [ვიდეო]

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებას სამარცხვინო უწოდა, რომ მ.კ-ს მიზანი არა მკვლელობა, არამედ გაშველება იყო.

პროკურორმა აღნიშნა, რომ მ.კ-ს ცდილობდა, მეგობარს დახმარებოდა და გაეშველებინა.

„გ.ბ. პრაქტიკულად არ ხვდება მ.კ-ს, როდესაც ის ფარდულშია. გ.ჯ-სთან მიმართებით მინდა განვსაზღვრო, რომ როდესაც მ.კ. მიდის და ეხება დათო სარალიძეს, მ.კ. მიდიოდა, რათა მის მეგობარს დახმარებოდა, დაეშორებინა, გაეშორებინა დაეცალკევებინა, ერთმანეთისგან და მისი განზრახვა აბსოლუტურად არ მოიცავდა სარალიძის მკვლელობას. შესაბამისად, როდესაც გ.ჯ დანას უქნევს დათო სარალიძეს, ვერ ხედავს მ.კ-ს მოქმედებებს. ეს თვითონაც ისაუბრა ჩვენების დროს. მ.კ-ს განზრახვა არის დაშორება და ამ განზრახვით მიდის და აშორებს”, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

პროკურორის ამ განცხადებას ოთარ კახიძემ სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ სირცხვილია, როდესაც უწყების წარმომადგენელი ასეთ განცხადებას აკეთებს.

„ამ განზრახვით მიდის და მუშტებს ურტყამს სახეში? სამარცხვინოა. საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს. აშორებს თურმე? სირცხვილია. თქვენ წარმოადგენთ უწყებას, სადაც მუშაობს პატიოსანი და ნორმალური ხალხი”, – მიმართა ოთარ კახიძემ ზვიად ფხაკაძეს.

„სამარცხვინო არის თქვენი შეფასება. ეს არის შეურაცხყოფა”, – აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლეს, კახა სირაძესა და საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.