ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ. - ს საქმეზე მიხეილ კალანდია და ზვიად ფხაკაძე დაიკითხნენ
ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ. - ს საქმეზე მიხეილ კალანდია და ზვიად ფხაკაძე დაიკითხნენ

ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ – ს საქმეზე სასამართლოში მიხეილ კალანდია და პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაიკითხნენ.

მოწმის სახით დაკითხული პირები არ საუბრობენ, თუ რა ჩვენებები მისცეს სასამართლო პროცესზე. მიხეილ კალანდიამ სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. მისი ადვოკატის განცხადებით, კითხვების შინაარსთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, რადგან სხდომა დახურული იყო.

ადვოკატი ანა კოტეტიშვილი არ აკონკრეტებს, თუ  რომელი მხარის პოზიცია გაამყარა მკ-ს ჩვენებამ-  დაცვის, თუ ბრალდების.

საუბრისგან ასევე თავი შეიკავა ზვიად ფხაკაძემ. მისი განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, დეტალებზე  ვერ ისაუბრებს. ის ასევე გამოეხმაურა ბრალდებულ არასრულწლოვნის დედის განცხადებას, რომელმაც პროკურორი ფხაკაძე ტყუილში დაადანაშაულა.

დ.ღ-ს დედის განცხადებით პროკურორმა ტყუილი თქვა, როდესაც სხდომაზე განაცხადა, რომ არასრულწლოვნის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება მოულოდნელი იყო.