ზვიად ფხაკაძე  აცხადებს, რომ ზაზა სარალიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო
ზვიად ფხაკაძე  აცხადებს, რომ ზაზა სარალიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ მის მობილურ ტელეფონზე, დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის გუშინ ახსნა-განმარტების  მიცემის დროს, მუქარის შემცველი ტექსტები შევიდა. ამის შესახებ განცხადება მან დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

„გუშინ, როდესაც კომისიას ვაძლევდი ახსნა-განმარტებას, ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას. ასევე, კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან, რომელსაც მე კომისიას ვაძლევდი.

აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართე შესაბამისი მოხსენებითი ბარათით კომპეტენტურ პირს და მოხდება სათანადო რეაგირება. ცნობისთვის მინდა იცოდეთ ეს და ის, რომ ჩემს მიერ ახსნა-განმარტების მიცემის პროცესი ხორციელდებოდა გარკვეული პირების მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მისი თქმით, კომისიის წევრების მხრიდან შინაარსობრივი მხარით დაინტერესების შემთხვევაში,  მზად არის, ტექსტები კომისიის წევრებს აჩვენოს, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ გზავნილი პირად შეურაცხმყოფელ შინაარსსაც მოიცავს, ფხაკაძე ამბობს, რომ მას დახურულ სხდომაზე წარადგენს.

„ეს მუქარა ხდებოდა აშკარად ზაზა სარალიძის მიერ“, –  განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ზვიად ფხაკაძე შსს-ს წარმომადგენელ კახა სირაძესთან ერთად, გუშინ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხეს. გამოკითხვა დღესაც გრძელდება.