სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა განახლდება
სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა განახლდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა დღეს განახლდება. სხდომა, რომელზეც პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვამს, 15:30 საათისთვისაა ჩანიშნული.

საქმის განხილვა მეორე ინსტანციაში ფინალურ ეტაპს უახლოვდება. პროკურატურის შემდეგ ამ უფლებით დაცვის მხარე ისარგებლებს, თუმცა უცნობია, მოხდება თუ არა ეს დღესვე. მეორე ინსტანციაში როგორც დაცვის მხარე, ასევე პროკურატურა დავობს.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს. პირველი ინსტანციის განაჩენით გ.ჯ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა, წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობისთვის. სასჯელის ვადად ცხრა წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

არასრულწლოვან გ.ბ-ს ბრალად ედებოდა როგორც დავით სარალიძის, ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის და სასჯელის ვადად განესაზღვრა 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. პროკურატურა განაჩენს სწორედ შეცვლილი კვალიფიკაციის ნაწილში ასაჩივრებს.