ზვიად ფხაკაძე - მ.კ-ზე ხელის დაფარება არ მომხდარა, განცხადებებს ვაკეთებთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით
მკაფიოდ ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან და არა მარტო ჩემი მხრიდან, არამედ პროკურატურისა და შსს-ს არც ერთი მუშაკის მხრიდან მ.კ-ზე, არა თუ მხოლოდ მასზე, არამედ სხვა პირზეც, ხელის დაფარება არ მომხდარა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.
როგორც ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, განცხადებები გაკეთდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც გამოძიების შედეგად გამოიკვეთა.
„ჩვენ ამ განცხადებებს ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც გამოძიებით მოვიპოვებთ და რაც სასამართლოზე გამოვიკვლიეთ. რამდენად გაიზიარა ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს შეფასების თემაა. ოღონდ ეგ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უნდა შეაფასოს. არავის ხელს არ ვაფარებთ. ამას გეუბნებით როგორც მოქალაქე და სამი შვილის მამა, როგორც პროკურორი. გამორიცხულია ჩემი მხრიდან, შეურაცხმყოფელია ჩემთვის, რომ ვინმეს ხელი დავაფარე. მით უფრო იმ საქმეზე, რომელშიც ორი ახალგაზრდა ბავშვია გარდაცვლილი. ეს მიუღებელია”, – განაცხადა პროკურორმა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებას სამარცხვინო უწოდა, რომ მ.კ-ს მიზანი არა მკვლელობა, არამედ გაშველება იყო.