11 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. მანამდე კი, დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, ვითარება დაიძაბა.
პრეზიდენტობის კანდიდატის შიო ხეცურიანის მხარდამჭერი ზვიად ბაბიაშვილი შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტად 20 ნოემბერს აირჩიეს. თუმცა, ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტის იოსებ ხაჩიურის საჩივრის შემდეგ, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინების საფუძველზე ბაბიაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის გამო დღეს, გორში, მან პრესკონფერენცია გამართა და განმარტა, რომ არჩევნებზე მონაწილეობის უფლება მაინც აქვს.
„გვაბრალებენ, თითქოს, გამგეობის წევრებზე ზეგავლენა მოვახდინე, აქ ეს ხალხი იმყოფება და დაადასტურებენ, რომ ზეწოლაზე ლაპარაკი უადგილოა. 31 ოქტომბერს გამგეობას, რომელიც 6 წევრისგან შედგებოდა, კიდევ ორი წევრი თავად დაამატეს, მათ შორის, ერთ-ერთი მეც გახლდით. ამ 8-კაციანმა გამგეობამ 20 ნოემბერს პრეზიდენტად მე ამირჩია. არჩევნებს მხოლოდ ორი კაცი არ ესწრებოდა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი იოსებ ხაჩიური – ახლა ის მიჩივის, ყველაფერი უჩვენოდ გადაწყვიტეთო. არადა, მათ გამგეობამ არჩევნების გამართვის ადგილი, დრო და თარიღი ელექტრონული ფოსტით აცნობა. წესდებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დელეგატი 6 დეკემბრამდე უნდა წარგვედგინა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ჩემი უფლებამოსილება შეაჩერა, საარჩევნო დებულებით, დელეგატობისთვის ცენტრის პრეზიდენტობა აუცილებელი არაა, გამგეობის წევრობაც საკმარისია“, – ამბობს ბაბიაშვილი.