პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაცია გამოძიებასთან ითანამშრომლებს, რათა ყველა დამნაშავე დაისაჯოს
პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაცია გამოძიებასთან ითანამშრომლებს, რათა ყველა დამნაშავე დაისაჯოს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის, – ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით მსაჯებისა და მწვრთნელების დაკავებაზე აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„კალათბურთს ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარ ფაქტს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან ახლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფილად იქნეს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და მოხდეს ყველა იმ პირის დასჯა, ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ის მცდელობა, რომელიც ჩრდილს აყენებს კალათბურთის სამყაროს.

ფედერაციის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომლებიც სახელს უტეხს საქართველოს საკალათბურთო სამყაროს.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში „ფიბას“ რეკომენდაციით ჩამოყვანილ იქნა მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორი, რომლის ფუნქციაშიც შედის არამხოლოდ თამაშების ხარისხის მონიტორინგი, არამედ ახალგაზრდა მსაჯთა კონტინგენტის გაზრდაც და მათი შემდგომი ინტეგრირება საქართველოსა და საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ მატჩებში.

გამგეობა ფედერაციის წესდებისა და სპორტულ სამყაროში არსებული მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე არ დაეთანხმება და არ შეეგუება საკალათბურთო სამყაროში არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მითუმეტეს რომ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის გამოირჩეოდა საერთაშორისო სპორტული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლიანი თამაშის პრინციპების ერთგულებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის“, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი და ამავე კლუბის თანამფლობელი დააკავეს.