ოფიციალურად - კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2019-2020 წლების სეზონის ჩემპიონატები გაუქმდა
ოფიციალურად - კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2019-2020 წლების სეზონის ჩემპიონატები გაუქმდა

„დღეს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც საკალათბურთო სუპერლიგისა და ყველა მიმდინარე ჩემპიონატის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად, 2019-2020 წლების სეზონში მიმდინარე ყველა ჩემპიონატი და საკალათბურთო ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისიდან შეჩერებული იყო, გაუქმდა.

კალათბურთის ფედერაციამ ჩემპიონატების გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკალათბურთო კლუბების დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა. ყველა საბიუჯეტო დავალიანება, რომელიც სუპერლიგისა და „ა“ ლიგის გუნდებს მიმდინარე სეზონში ეკუთვნოდათ, დაფარულია. ფედერაცია მოქმედებდა პრინციპით, რომ კალათბურთელებმა და საკალათბურთო სამყაროს წევრებმა ეპიდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიური მდგომარეობა დანაკარგის გარეშე გადაიტანოს.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე სიტუაციის შეფასებისა და სამომავლოდ კალათბურთის განვითარებისათვის გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა ივლისის თვეში დაგეგმილ მომავალ გამგეობის სხდომაზე მის წევრებს ნათელი სურათი შეექმნათ მომავალი სეზონის ჩემპიონატების დაწყების თარიღების განსაზღვრისათვის“. – ვკითხულობთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.