ექსკლუზიური ინფორმაცია - საქართველოს ინიციატივით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატი დაარსდება | კალათბურთი
ექსკლუზიური და სასიხარულო ახალი ამბავი, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას განაცხადა:
„ფედერაციაში უკვე დიდი ხანია ვფიქრობთ და მინდა კიდევ ერთი ინფორმაცია გითხრათ. ჩვენ ვიცით ადრიატიკის ლიგა, ვიცით სხვადასხვა ლიგა. გვინდოდა, რომ, რაღაც ანალოგიური ჩვენს რეგიონშიც შექმნილიყო.
საქართველოს ინიციატივით ფიბა-ში დავაყენეთ საკითხი, რომ ჩატარდეს შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატი, შეგვიძლია, თასიც დავარქვათ.სიტყვიერი თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს 5-6 გუნდისგან და ფიბა-ში მიდის მსჯელობა ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებზე.
თქვენ იცით, რომ ჩვენი გენერალური მდივანი გიგა ქართველიშვილი იმის გარდა, რომ ფიბა-ს გამგეობისა და ბორდის წევრია, არის იურიდიული კომისიის ხელმძღვანელი და პრეზიდენტი. მას აქვს ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაციები, როგორც რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან, ასევე ფიბა-ს ბორდისა და კომისიის წევრებთან. ვფიქრობ, ის რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნები ითამაშებენ ჩემპიონატს, ძალიან კარგი იქნება ჩვენი კალათბურთის განვითარებისთვის. დარჩება სახელი, რომ ამ ჩემპიონატის ინიციატორი საქართველო იყო.“