საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - 2019/2020 წლების სეზონი გაუქმებულია და გუნდებს მოუწევთ მზადება ახალი სეზონისთვის
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - 2019/2020 წლების სეზონი გაუქმებულია და გუნდებს მოუწევთ მზადება ახალი სეზონისთვის

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული სტუმრობდა.

სტუმარმა კალათბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ქართული კალათბურთის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პაატა გურასპაული: „გამგეობის სხდომაზე ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ 2019/2020 წლის ჩემპიონატი გაუქმდეს – ეს შეეხება სუპერლიგას, ა-ლიგას და საკლუბო ჩემპიონატს, რომლებიც ტარდება საქართველოში. 2019/2020 წლების სეზონი გაუქმებულია და გუნდებს მოუწევთ მზადება ახალი სეზონისთვის.

ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უბრალოდ სამართლიანი არ იქნებოდა სხვა გადაწყვეტილების მიღება და გამგეობამ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

დაიფარა საბიუჯეტო დავალიანება. თქვენ იცით, რომ ამდენი ხანი უქმობა მოუწიათ კლუბებს. მათ ჰქონდათ საკონტრაქტო ვალდებულებები და დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომ მოგვცა შესაძლებლობა, სრულიად მიგვეცა ის თანხები, რომლებიც მათ მისცემთ საშუალებას, რომ თავიანთი საკონტრაქტო ვალდებულებები ბოლო თეთრამდე დაფარონ“.