ზურაბ გუმბერიძე - ცენტრალურ აზიას აქვს უდიდესი პოტენციალი და ევროპასთან გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში ჩვენი კორიდორი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
ზურაბ გუმბერიძე - ცენტრალურ აზიას აქვს უდიდესი პოტენციალი და ევროპასთან გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში ჩვენი კორიდორი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ამოცანა წარმოიშვა ევროპაში, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობა გაძლიერდეს და შესაბამისად, ჩვენი კორიდორი ალბათ, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ზურაბ გუმბერიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„17 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო შუა აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გააქტიურების ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია და დღეს განცხადება გაკეთდა, რომ აპრილის თვეში ტარდება ევროკავშირის და ცენტრალური აზიის ქვეყნების სპეციალური სამიტი. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი გამოწვევაა. იმიტომ, რომ თუ ასეთი გაძლიერებული კავშირი იქნება, ჩვენი კორიდორი რჩება ყველაზე პრიორიტეტული, რომ გამოყენებული იქნას ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ეს გაძლიერება მოხდება. ფაქტია, ეს პირველი შემთხვევაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ასეთი ამოცანა წარმოიშვა ევროპაში, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობა გაძლიერდეს. მგონი, დასკვნა ძალიან მარტივი გასაკეთებელია, რა იგულისხმება, რომ იქ გავლენა მეტი იყოს და შესაბამისად, ალბათ, ჩვენი კორიდორი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – განაცხადა გუმბერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მართალია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის კვლევა ამბობს, რომ ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ტვირთბრუნვას 2030 წლისთვის გასამმაგების პოტენციალი აქვს, მაგრამ როგორ შეიძლება, შეფასდეს ცენტრალური აზიის რეალური პოტენციალი იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ რთულია, ცენტრალურ აზიაზე ვისაუბროთ, როგორც ერთ მოცემულობაზე, ან გრძელვადიან მშვიდობის რეგიონზე, ზურაბ გუმბერიძემ განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი პოტენციალი.

„მე მაგალითად, გაკეთებული მაქვს ანალიზი ყაზახეთის მაგალითზე, ხორბალი იქნება ეს, სასუქი, ნახშირი, თუ ნავთობი. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებამდე პერიოდს. ნავთობი დღესაც კი მოლაპარაკების სტადიაშია, რომ დამატებითი ნავთობი წამოვიდეს იგივე ბაქო-სუფსას მიმართულებით და აი, ახლაც, ბოლოს, რამდენიმე შეხვედრა შედგა. მათ ისეთი ტარიფები აქვთ, რომ ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ ტარიფებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შუა დერეფანი გავაკეთოთ ისე, რომ მარტო კი არ ვისარგებლოთ იმით, რომ ახლა პრობლემები გვაქვს, არამედ ეს ტვირთები უნდა დარჩეს. მშვიდობას დაგვპირდნენ იქითაც, აქეთაც და ეს ღმერთმა ქნას, მაგრამ თუ ისე მოხდა და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ისევ ძვირი ტარიფები გვაქვს, ძვირი ლოჯისტიკა და ა.შ, მაშინ ჩვენი ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის პრობლემა იქნება, რომ ამდენი ძალისხმევა ტყუილად გავწიეთ. ამიტომ, ჩვენი კორიდორი ისე უნდა განვითარდეს, რომ ამ ტვირთებს ჰქონდეს პრიორიტეტული მიმართულება“, – განაცხადა გუმბერიძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის შუა აზია, რა თქმა უნდა, ჩინეთთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არ გვიჭირს მათთან საუბარი და დიალოგი. ისინი კარგად გვიცნობენ. ჩვენ საქართველოში შევქმენით ფანტასტიკური სერვისი, სიტუაცია არის მშვიდობიანი და არავითარი პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, არის ტექნიკური პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემას თუ დავძლევთ და გამტარიანობა გაიზრდება, იქნება ეს ჩვენი რკინიგზა, პორტები, თუ ა.შ, ჩვენ ვერ შევძლებთ იმ ტვირთების წამოღებას, რაც შუა აზიაშია მთლიანობაში. მაგალითად, მარტო ყაზახეთიდან სასუქი, ხორბალი და კიდევ რაღაც პოზიცია რომ აიღო, 30 მილიონი ტონაა მარტო ეს სამი პოზიცია. 30 მილიონი ტონა, რომელიც მიდის თურქეთში, მაგრამ მიდის რუსეთის ტერიტორიით. წარმოიდგინეთ, მარტო ეს მოცულობა რომ წამოვიდეს, ჩვენთვის რა იქნება. იგივე ჩინეთთან ვაჭრობა ტრილიონამდეა ასული. შესაბამისად, რომ ვთქვათ, რომ ბევრ ტვირთს წამოვიღებთ, ღმერთმა ქნას, მაგრამ ჩვენ მაინც გარკვეულ რაოდენობაზე ვიქნებით ორიენტირებული, რადგან ჩვენი კორიდორი ამას ვერ შეძლებს“, – განაცხადა გუმბერიძემ.

ამასთან, ზურაბ გუმბერიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ და ბიზნესმა შერწყმულად შეძლო ისეთი ეკონომიკური მოდელის მოძებნა, რომელმაც გაამართლა.

„საქართველომ შეძლო იმ ეკონომიკური მოდელის მოძებნა, რომლის მიხედვითაც ყაზახი აღარ მიდის გერმანიაში, მოდის თბილისში და ყიდულობს ავტომობილს. ხელისუფლებამ და ბიზნესმა შერწყმულად შეძლო ისეთი ეკონომიკური მოდელის მოძებნა, რომელმაც გაამართლა და ეს სანქციები რომ არ ყოფილიყო, ფაქტობრივად, აღარავინ აღარ დადიოდა ევროპაში და ყველა საქართველოში ყიდულობდა ნახმარ ავტომობილებს. მე ამას ვხსნი ჩვენი წარმატებული ლოკაციით და პლუს, იმით, რომ ჩვენ შევძელით ამ მოდელების დამუშავება“, – განაცხადა ზურაბ გუმბერიძემ.