მერაბ ჯანიაშვილი - მინდა, ყველას ვურჩიო, რომ იმ ცუდ საბანკო სისტემაში გაპრობლემებული სესხი სჯობს, ვიდრე კერძო იპოთეკართან მისი გადატანა
ბიზნესის იდეა ის არის, რომ მოახდინოს მოგების მაქსიმალიზაცია, სადამდეც მივუშვებთ, იქამდე მივა და, რა თქმა უნდა, არასდროს არ უნდა ველოდოთ იმას, რომ თუ ბანკს მოგების მიღების საშუალება აქვს, ის ამას არ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას განაცხადა.
„გასულ წელს რომ მიიღეს გადაწყვეტილება საპენსიო სესხზე პროცენტის დაწესებაზე, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია და იმასთან შედარებით, რაც იყო, შეიძლება, ათჯერაც გაიაფდა ზოგ შემთხვევაში პროცენტი, მაგრამ ეს არის ექსკლუზიური ერთი რაღაც პროდუქტი, რომელსაც გასცემს ექსკლუზიურად „ლიბერთი ბანკი“. ანუ, სხვა ბანკი ვერ შევა ამ კონკურენციაში, პენსიონერს ვერ მისცემს საპენსიო სესხს და, შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა იყოს რეგულირების ქვეშ. სახელმწიფო პირდაპირ უნდა ადგენდეს პროცენტს და დაადგინა კიდეც“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში თავისუფალი ბაზარი ქვეყანაში სერიოზულ სოციალურ პრობლემებს იწვევს და საჭიროა, სახელმწიფომ მისი რეგულაცია მოახდინოს.
„ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა რომ გვითხრეს, საპარტნიორო ფონდი განვითარების ბანკად გადააკეთეთო, ბანკები წავიდნენ წინააღმდეგ, როგორ შეიძლება, სახელმწიფო შემოვიდეს თავისუფალ ბაზარზე და სესხები გასცეს, მე აქ კლიენტს წამართმევსო. საქართველოში მიდგომა არის ასეთი, რომ თავისუფალი ბაზარი უფრო წმინდაა, პირველ ადგილზე დგას და ადამიანი მერე მოდის. ანუ, ყველაზე წმინდა თავისუფალი ბაზარია და არ შეიძლება, რამე შეეხოს, შემდეგ კი ეს თავისუფალი ბაზრის პრინციპი ვრცელდება საპენსიო თუ ნებისმიერ სხვა სესხებზეც და იწვევს ისეთ პრობლემებს, როდესაც აღმოჩნდება, რომ თავისუფალი ბაზარი ქვეყანაში სერიოზულ სოციალურ პრობლემებს იწვევს. მაგალითად, 30 წლის მერე მივხვდით, რომ შეიძლება აზარტული თამაშების ბიზნესი დავარეგულიროთ და თავისუფალ ბაზარში ჩავერიოთ; საპენსიო სესხმა სერიოზული პრობლემა რომ გამოიწვია და პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ უკვე პენსიონერთა ძალიან დიდი რაოდენობა იყო ამისგან გაწამებული, საპენსიო სესხი რომ მაღალ პროცენტში ჰქონდათ, ამ ბაზარზეც ჩაერივნენ და აქაც გადაწყვიტეს რაღაც ნაბიჯის გადადგმა. ანუ, სადაც მწვავედ გამოჩნდება სოციალური პრობლემები, იქ მერე დგამს ნაბიჯებს სახელმწიფო და წარმოაჩენს თავს, რომ შეუძლია, რეგულატორის როლი შეასრულოს, სახელმწიფოს დაემსგავსოს და საკუთარ თავზე აიღოს რაღაცის რეგულირება“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს კერძო მევახშეობის რეგულაცია, რადგან ფაქტია, დაკრედიტების სფეროში ეს პრობლემა მწვავედ დგას, როცა ადამიანები საკმაოდ დაბალი თანხის სანაცვლოდ დებენ საკუთარ ბინას და რაღაც პერიოდის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდებიან, მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით პოლიტიკური ნებაც არ არის, მევახშეებს ბოლომდე მიეხედოთ.
„იგივე სესხის ამომღები კომპანიებიც რომ არიან, ჩემი აზრით, თავხედურად იქცევიან ხოლმე, ხშირად არღვევენ კანონსაც და მათ კანონის შესაბამისად რომ მივუდგეთ, შეიძლება, მათ მიმართ რაღაც სანქციები გატარდეს, ისევე, როგორც მევახშეების მიმართ, რომლებმაც სცადეს და კანონის გვერდის ასავლელი გზა მოძებნეს. თუ მოხდება რამდენიმეს სამაგალითო დასჯა, შესაძლებელია, ამ მიმართულებით თაღლითობა მინიმუმზე იყოს დასული, თუნდაც ამ სისტემაში, რაშიც ვართ“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
პირველი არხის ანალიტიკოსმა მოქალაქეებს ურჩია, თუ სესხის აღების გარდაუვალი საჭიროება უდგათ და ამის საშუალებაც აქვთ, ასჯერ მეტად სჯობს, ეს სესხი ბანკში აიღონ, ვიდრე კერძო მსესხებელთან, იმის მიუხედავად, ქართული ბანკები თუ მიკროსაფინასო ორგანიზაციები რა ცუდიც არ უნდა იყვნენ.
„არის ისეთი ვარიანტებიც, როცა ადამიანებს შემოსავალი არ უფიქსირდებათ, რომლითაც ბანკში შეძლებენ სესხის აღებას, მაგრამ მე ისეთი შემთხვევებიც ვიცი, ადამიანს ბანკთანაც რომ ჰქონდა ურთიერთობა, მევახშესთანაც და ბანკიდან იქ გადაიტანა სესხი, ვითომ უკეთეს პირობებში აღმოჩნდებოდა. ამიტომ მინდა, ყველას ვურჩიო, რომ იმ ცუდ საბანკო სისტემაში გაპრობლემებული სესხი ჯობს, ვიდრე კერძო იპოთეკართან მისი გადატანა. ბოლოსდაბოლოს, სასამართლოში გაიწელება პროცესი, დრო დასჭირდება ამას და რაღაც დროს მაინც მოიგებ, მაშინ როდესაც კერძო იპოთეკარმა შეიძლება ერთ თვეში დაგიმთავროს პროცესი, ბინა უკვე მისი გახდეს და აქეთ მოგიწიოს დავა ამაზე, რომ რაღაც თაღლითობა იყო“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.