ვახტანგ ჭარაია - ანაკლიის პორტი ჩინელების გარეშე ვერ იქნება პროდუქტიული
ვახტანგ ჭარაია - ანაკლიის პორტი ჩინელების გარეშე ვერ იქნება პროდუქტიული

მე პირადადაც ვთვლი, რომ ანაკლიის პორტი ჩინელების გარეშე ვერ იქნება პროდუქტიული, – ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ხელისუფლება გამოდის და ამბობს, რუსეთთან უნდა ვივაჭროთ თუ არა? ოკუპანტია, მტერია, მაგრამ მაინც ვინარჩუნებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ფინანსურ ჭრილში დამოკიდებულია ამ ურთიერთობებზე. ახლა უკვე შემოიჭრა ჩინეთის ფაქტორიც. ევროპა – ნაკლებად, მაგრამ ამერიკა ღიად გვეუბნება, ჩინელებთან მეგობრობა არ გინდათო. სახელმწიფო მდივნის განცხადებაც გვახსოვს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინანდელი. შეიძლება, ოდნავ პერიფრაზს ვაკეთებ, მაგრამ დაახლოებით ასეთი ოფიციალური განცხადებაც კი ყოფილა. ჩვენი ხელისუფლება და მე პირადადაც ვთვლი, რომ ანაკლიის პორტი ჩინელების გარეშე ვერ იქნება პროდუქტიული. ტვირთების ძირითადი მიმღები და გამცემი ქვეყანა თუ არ იქნება ჩართული ამ პროცესში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, სხვა ქვეყნებს ვერ ექნებათ ის რესურსი, რომ ჩინელების მაგივრად აკეთონ ეს ყველაფერი“, – განაცხადა ჭარაიამ.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება, ჩვენი მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობის ამაღლება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ა.შ. ამ ყველაფერს კი დივერსიფიცირება სჭირდება.

„ჩვენ გვჭირდება ჩინელი პარტნიორიც, ამერიკელი პარტნიორიც და ევროპელიც, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული ხაზი და პრიორიტეტი დასავლეთზე უნდა იყოს სწორების სახით. მე ასე წარმომიდგენია, თუმცა ის, რომ ჩვენ ვინმემ შეგვიზღუდოს, არ გინდათ ჩინეთთან თუ სხვასთან თანამშრომლობაო, არ არის კარგი. რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტაზეც იყო ბევრი მოწოდება სულ ახლახან, უკრაინაში ომის დაწყებიდან, როცა უამრავი ევროპელი ლიდერი მოგვიწოდებდა, პირდაპირი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, არ მიგვეღო რუსეთიდან თუნდაც ნავთობი და გაზი ან იქით არ გაგვეშვა რაღაც პროდუქცია. რატომღაც ჩვენ ყველა გვავალდებულებს, თვითგვემას მივეცეთ და არ გამოვიყენოთ რაღაც რესურსები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ისედაც შეზღუდულად აქვს და თვითონ ის ხალხი, რომელიც გვეუბნება, ეს რესურსები შეიზღუდეთო, ამის სანაცვლოდ ალტერნატივას გვაძლევს უფრო პოლიტიკურს და ინსტიტუციურს დემოკრატიის განვითარების კუთხით, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხს მეტი სჭირდება, ვიდრე ეს“, – განაცხადა ჭარაიამ.

როგორც ჭარაიამ განაცხადა, საუბარია იმაზე, რომ არასამთავრობო სექტორი არ არის ხალხის მიერ არჩეული, მაგრამ ხალხს განასახიერებს და მათმა გარკვეულმა ნაწილმა, ფატქობრივად, პოლიტიკური პარტიების ფუნქციები შეითავსა, ამის პარალელურად კი ქვეყანაში იქმნება ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც დასავლეთის ირგვლივ ერთიანდება დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარების და რაღაც ჭრილებში, მაგრამ ამ ადამიანების იქით არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც ამ პროცესებში იმდენად ვერ ხედავს თავის ხსნას, რამდენადაც თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

„დემოკრატიული პროცესები, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არასამთავრობო სექტორისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, მათი პროცესების საქართველოში გადმოტანა და ა.შ. რაშიც ხედავს მთვარ არსს, რომ ეს არ უნდა დაიკარგოს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ეს არ არის მთავარი არსი. მთავარი არსი არის ფინანსური, ჯანდაცვითი, განათლების საკითხები, ოღონდ ეკონომიკურ კონტექსტში, რომ მათ შეძლონ ხარისხიანი განათლების, ხარისხიანი ჯანდაცვის მიღება და იყვნენ მაღალანაზღაურებადი. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს დასავლეთს ვაკნინედე, მაგრამ, აი, ამაში უნდა იყოს დასავლეთის მთავარი კოზირი, მაშინ როდესაც საქართველოსნაირი მცირე ქვეყნის და ამ მცირე ეკონომიკის გაძლიერება, რეალურად, არავითარი დიდი ტვირთი არ არის, არც ევროკავშირისთვის, მით უფრო აშშ-ისთვის და მით უმეტეს, მათთვის ერთად“, – განაცხადა ჭარაიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირს უნდა, საქართველოში გარკვეული გავლენა ჰქონდეს, საქართველო იყოს მათი მეგობარი და ეს ქვეყანა არ დაკარგონ, მაგრამ ამის მიღწევა უფრო მარტივად და არცთუ ისე ძვირად შეუძლიათ ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

„იმავე ანაკლიის პორტზე ვთქვათ, რატომ იყო ერთადერთი კომპანია განცხადების შემტანი და ეს იყო ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი? რატომ არ იყო ეს, პირობითად, ამერიკულ-ბრიტანული? არ შეუძლიათ, მილიარდი დოლარი არ აქვთ ამისთვის თუ რა? საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მაინც დასავლეთისკენ ვიხრები ყველაფრით, მაგრამ იქიდანაც მინდა, უფრო მეტი დავინახო, როგორც ეკონომისტმა, რომ არ გვიწევდეს მერე სხვა ალტერნატივების ძიება“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.