ლუკა ეხვაია - ოპოზიციური სუბიექტები ძალიან იზღუდებიან გარე გავლენებით, შესაბამისად, მათი ავტონომიის ხარისხი საკმაოდ დაბალია
ლუკა ეხვაია - ოპოზიციური სუბიექტები ძალიან იზღუდებიან გარე გავლენებით, შესაბამისად, მათი ავტონომიის ხარისხი საკმაოდ დაბალია

ოპოზიციური სუბიექტები ძალიან იზღუდებიან გარე გავლენებით, შესაბამისად, მათი ავტონომიის ხარისხი საკმაოდ დაბალია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლუკა ეხვაიამ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„დღევანდელი ოპოზიციური სუბიექტების წინაშე არის რამდენიმე ფუნდამენტური და გადაუჭრელი პრობლემა. პირველი პრობლემა არის ის, რომ ვერცერთი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტი ვერ გვთავაზობს ახალ იდეას და ახალ პოლიტიკურ შინაარსს. კიდევ ერთი პრობლემაა, რომ საზოგადოების მოთხოვნები და საჭიროებები სრულ აცდენაშია იმ პროგრამებსა და ხედვებთან, რაც ოპოზიციურ სუბიექტებს გააჩნიათ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური ტრანსფორმაცია და ცვლილებები, რაც გლობალურ პოლიტიკაში მიდის და ამ ყველაფერთანაც მთლიანად აცდენაშია ოპოზიციური სპექტრი. ისინი ვერ ახერხებენ, ამ თანამედროვე გამოწვევებს ფეხი აუბან. ასევე, მათ არ გააჩნიათ არანაირი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის რეფორმირება და ახალგაზრდობის წინაშე არსებული მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა. ბოლოს, რაც მთავარია, უკვე ნათლად ჩანს და საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიციური სუბიექტები ძალიან იზღუდებიან გარე გავლენებით. შესაბამისად, მათი ავტონომიის ხარისხი ძალიან დაბალია“, – განაცხადა ეხვაიამ.

პოლიტოლოგმა ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების დაპირებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაპირებები არარეალურია და გარდა ამისა, მათ იდეოლოგიური ბიპოლარული აშლილობა სჭირთ.

„მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ლელოს“ მთავარი დაპირება გახდა 1 000-ლარიანი პენსია და პარტია იმის დასაბუთებასაც ვერ ახერხებს, ეს ფინანსები საიდან უნდა მოიძიონ. ამის პარალელურად, ვხედავთ „ლელოს“ ლიდერის ძალიან ოდიოზურ გამოხტომებს, როცა პარტიის პოლიტიკური ლიდერი ამბობს, რომ რაღაცნაირად მევახშეობა უნდა აიკრძალოს, რაც მისი მხრიდან, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. დაახლოებით, იგივე დაპირებები აქვთ გახარიას პარტიაშიც და ა.შ.“ – განაცხადა ეხვაიამ.

მისი თქმით, ხდება საზოგადოებისთვის ნულოვანი ბარიერის, კოალიციური მთავრობის და სხვა საკითხების თავზე მოხვევა.

„პოლიტიკურ სპექტრს რომ გადავხედოთ, ყველა არის სტანდარტული ლიბერალური პარტია, წარმოდგენილი არ არის არც მემარცხენე პარტიები და არც კონსერვატორული ძალები. ეს აჩენს საშუალებას, რომ ზუსტად ასეთი აბსურდული იდეები შემოგვაპარონ და მერე, რაღაც მომენტში დაგვაძალონ, რომ გავატაროთ. მემარცხენეების და კონსერვატორების მოკრძალებული წარმომადგენლობა ცალსახად საქართველოს კრიზისი არ არის. ის, რაც ცენტრში ხდება, რეზონანსულად ცოტა უფრო გვიან მოდის პერიფერიაში კომიკური ფორმებით. აშშ-ში რომ დაიძრა ტალღა და რესპუბლიკელები რაღაცნაირად გაძლიერდნენ, აქაც გამოჩნდა ტრადიციული და კონსერვატორული ძალები ჰორიზონტზე, კი, მოკრძალებული ფორმებით, მაგრამ მაინც არსებობენ და მრავლდებიან. რაც შეეხება მემარცხენეობას, გლობალურად არის ეს პრობლემა. მემარცხენე პარტიები ევროპაში და მსოფლიოში აღარ არიან ხელისუფლებაში, ევროპაშიც მხოლოდ ერთეული ქვეყნები დარჩა ასეთი“, – განაცხადა ეხვაიამ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან გულწრფელ პოზიციონირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რაში სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა, ლუკა ეხვაიამ განაცხადა, რომ, რეალპოლიტიკიდან გამომდინარე, ეს სრული გულწრფელობა არ იქნება პოლიტიკურ ველზე, თუმცა, რეალურად, ეს საჭიროა კრიზისების სამართავად და ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა.

„მაგალითად, ჩინეთთან დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შემდეგ გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, ქალბატონი თინა ხიდაშელი და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მთელ ქსელს აყალიბებს და ამ პარტნიორობის რაღაცნაირად დივერსიას, ჩაშლას ცდილობს. ეს არის, უბრალოდ, უშუალოდ ჩინეთის მიმართულებით და ასეთი მცდელობები არაერთი იქნება. ამ შემთხვევაში კი გასაგებია სურვილი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს მმართველმა პარტიამ და ამ დივერსიულ პროცესებზე უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს“, – განაცხადა ლუკა ეხვაიამ.