სოსო მანჯავიძე - ჩვენნაირ ნაკლებად სუვერენულ ქვეყანაში არჩევნები აფორმებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლის, არამედ გეოპოლიტიკური ბრძოლის შედეგს
სოსო მანჯავიძე - ჩვენნაირ ნაკლებად სუვერენულ ქვეყანაში არჩევნები აფორმებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლის, არამედ გეოპოლიტიკური ბრძოლის შედეგს

ჩვენნაირ ნაკლებად სუვერენულ ქვეყანაში არჩევნები აფორმებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლის, არამედ გეოპოლიტიკური ბრძოლის შედეგს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, დოქტორმა სოსო მანჯავიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, რეალურად, არჩევნების შედეგს კი არ აქვს იმდენი მნიშვნელობა, არამედ იმას, თუ რამდენი არგუმენტი ექნება ხელისუფლებას, მისი არჩევნები გაყალბებულად რომ არ გამოაცხადონ. ჩვენ გვახსოვს ISFED-ის ცნობილი დათვლები, როდესაც გამოვიდნენ და თქვეს, რა მოხდა მერე, ვის არ შეშლიაო. როგორც მათ თქვეს, არითმეტიკაში შეეშალათ და ამან აქ კინაღამ გამოიწვია რევოლუციური პროცესები, როცა თავს დაესხნენ ცესკო-ს და ქვებით ჩაქოლვას უპირებდნენ, რომ არა ძალოვანი სტრუქტურების დროული ჩარევა“, – განაცხადა მანჯავიძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა, რომ მიიღონ გარკვეული შედეგი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში.

„ეს ცხრა დათქმაც და მგზნებარე სურვილიც, რომ საქართველოში არჩევნებზე ყველა ხმა იყოს დაცული, გამომდინარეობს სწორედ ამ არჩევნების ინსტრუმენტალიზაციიდან. ანუ, არჩევნები არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი ადგილობრივი ხელისუფლებების მორჩილებაში სამყოფად და იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალთა განლაგების შესაბამისი კონფიგურაცია მიიღონ. მიზანი არის სამხრეთ კავკასიის კონტროლი, შუა დერეფნის საკითხი, აზერბაიჯანზე კონტროლის დამყარება, ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთის გზის ბლოკირება, ან კონტროლი, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის ბლოკირება, ან კონტროლი და ა.შ. თამასა ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, ფსონები ძალიან დიდია ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, ვინ რას აკეთებს, რომელი ე.წ. პოლიტიკური ძალა, რომელ დაკვეთას ასრულებს“, – განაცხადა მანჯავიძემ.

ამასთან, სოსო მანჯავიძემ აღნიშნა, რომ ტრადიციული საარჩევნო სუბიექტების, 14 პარტიის პოტენციალი ძალიან დაბალია.

„ისინი ახლა ცდილობენ, კონსოლიდაცია მოახდინონ მადამ პრეზიდენტის გარშემო, რომელიც ძალიან მარგინალიზებული ფიგურაა“, – განაცხადა მანჯავიძემ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, გლობალურად არის ვითარება, როცა ნეოლიბერალური იდეოლოგია და არსებული სისტემა წარსულს უნდა ჩაბარდეს, თუმცა მომავალში რა სისტემა ჩამოყალიბდება, ეს ჯერჯერობით უცნობია.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, 2024 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და არსებობს თუ არა პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის რესურსი, სოსო მანჯავიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობის მოდელი რომ წარმოვიდგინოთ, ასეთი კომიკური სიუჟეტი შეიძლება, ბოლო პერიოდში კაცობრიობას არ ახსოვდეს.

„წარმოვიდგინოთ გვარამია, პრეზიდენტი და სხვები, მთლიანად ეს პანოპტიკუმი და დღევანდელი ხელისუფლება არიან ერთ მთავრობაში და ატარებენ სამთავრობო სხდომას. ჯერ ამ პარლამენტში ხომ ვხედავთ, რა კომედიებიც არის და წარმოვიდგინოთ, როცა ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება კოალიციურ მმართველობასთან, იქ დანიშვნები, ჩასაფრებები, რა როლს ითამაშებენ სამართალდამცავი ორგანოები და ა.შ. ხომ გესმით, რას მივიღებთ? კოალიციურ მთავრობაზე რომ ლაპარაკობენ, „ქართული ოცნება“ რითიც იწონებს თავს, ის არის, რომ სისხლისმღვრელი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას და გამოვა, უცებ კოალიციურ მთავრობაში შევიდა მასთან? ეს ხომ იქნება ზნეობრივი მდგენელის ოფიციალური გაუქმება პოლიტიკურ ქცევაში და ამას მშვიდად არ შეხვდება ქართველი ამომრჩეველი“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.