ვახტანგ ჭარაია - საქართველოს თვითგანვითარების რესურსი უზარმაზარია, თუმცა ვერ ვახერხებთ ბევრი მიმართულებით მის გამოყენებას
ვახტანგ ჭარაია - საქართველოს თვითგანვითარების რესურსი უზარმაზარია, თუმცა ვერ ვახერხებთ ბევრი მიმართულებით მის გამოყენებას

საქართველოს შესაძლებლობა, არა მხოლოდ ჩინეთთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ქვეყნის თვითგანვითარების რესურსი, მართლაც უზარმაზარია, თუმცა ვერ ვახერხებთ ბევრი მიმართულებით მის გამოყენებას, – განაცხადა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას.

„თუნდაც, მხოლოდ ჩინეთის კონტექსტში რომ ვისაუბროთ, მარტო შუა დერეფანი არ არის ჩინეთთან თანამშრომლობა. უზარმაზარი პოტენციალია ტურიზმის მიმართულებით. ჩინელი ტურისტები საკმაოდ მაღალმხარჯველი ტურისტები არიან და დიდი რაოდენობით დადიან სხვადასხვა ქვეყანაში. უზარმაზარი პოტენციალია და სულ რამდენიმე ათეული ათასი ჩამოდის ყოველწლიურად. თუნდაც პანდემიის გამორიცხვითაც რომ ვთქვათ, მაინც საკმაოდ მცირე იყო ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში. უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს ვაჭრობის მიმართულებითაც. მართალია, ჩინეთი უკვე იკავებს საკმაოდ სოლიდურ პოზიციას საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის, მაგრამ წარმოუდგენლად დიდია როგორც საექსპორტო, ასევე საიმპორტო შესაძლებლობა“, – განაცხადა ჭარაიამ.

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს შეუძლია, ითამაშოს საკმაოდ საინტერესო როლი თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტში.

„საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან და აქვს, ამავე დროს, ევროკავშირთან. თუ ვინმე ახალი არ შეემატა და, მგონი, არ შემატებია, ასეთი სულ ოთხი ქვეყანაა, რომელსაც ეს შესაძლებლობა აქვს, რომ ერთდროულად ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და ევროკავშირთან და არც ერთი მათგანი არ არის ჩვენი კონკურენტი, რადგან ისინი სხვა განვითარების კატეგორიაში და სხვა ტიპის პროდუქციის წარმოების სექტორში არიან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გეოგრაფიაც. მაგალითად, ისრაელი არის ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა და ის ვერ იქნება ჩვენი კონკურენტი. ჩვენ სხვა განზომილებაში ვართ, ისინი სხვა განზომილებაში არიან. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში მოვიზიდოთ უზარმაზარი რაოდენობის ინვესტიციები, რომლebიც ორიენტირებული იქნება ევროკავშირის ბაზარზეც და ჩინეთის ბაზარზეც. ამ ორ ქვეყანასთან ძალიან ბევრ სხვა ქვეყანას აქვს საკმაოდ რთული ურთიერთობები და, მათ შორის, ამ ორსაც აქვს ერთმანეთთან საკმაოდ რთული ურთიერთობები. შესაბამისად, მაშინ როდესაც ეს ორი რეგიონი და, ამ შემთხვევაში, ქვეყანა ერთმანეთის ტერიტორიაზე ზღუდავს თუნდაც საინვესტიციო და საექსპორტო აქტიურობას, „წარმოებულია საქართველოში“ პროდუქტი ერთსა და მეორე ბაზარზე არის ძალიანაც მიღებული და მისაღები. შესაბამისად, ამ მიმართულებით გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი“, – განაცხადა ჭარაიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ არის საქართველოში ერთი საწარმოც კი, რომელიც ჩინურ კოოპერაციაზე იქნება დაფუძნებული და პროდუქტს ევროპაში გაიტანს, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა, რომ წარმატების ასეთი მსხვილი მაგალითები არ გვაქვს, თუმცა საქართველოში არის ჩინური კომპანიები და, მაგალითად, „ჰუალინგი“ ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

„ექსპორტის შემთხვევაში აქ იმდენად ვერ დავიკვეხნით, მაგრამ მე ვსაუბრობ ჩინურ ინვესტიციაზე საქართველოში. მაგალითად, ჩინური ველოსიპედები მსოფლიოში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი წამყვანია და ჩინურ ველოსიპედებს მსოფლიო ბაზარზე ძალიან კარგი პოზიცია უჭირავს, მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე წამყვან ათეულშიც არ არის. დაახლოებით, ოცეულის ბოლოსკენ არიან სადღაც. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში წამყვან ხუთეულშია ჩინური ველოსიპედების ექსპორტი. მათ რომ მოინდომონ საქართველოში ამ ველოსიპედების აწყობა, რა თქმა უნდა, ამისთვის მთელი რიგი ნიუანსებია საჭირო, მაგრამ შემდგომ, ქართული პროდუქციის სახელით ევროკავშირის ბაზარზე გატანა მათთვისაც სახეიროა, ევროკავშირისთვისაც ვერ იქნება ცუდი, რადგან საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს იქნება უზარმაზარი რაოდენობის სამუშაო ადგილი, საბიუჯეტო შემოსავლები და სხვა“, – განაცხადა ჭარაიამ.

ამასთან, ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ მოახერხა იმის ჩვენება, რომ ჩვენი ქვეყნის რეზისტენტულობა ძალიან მაღალია რეგიონული თუ გლობალური კონფლიქტების და კრიზისების მიმართ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გვჭირდება ამის უფრო ფუნდამენტურად დამტკიცება, რომ საქართველო მაინც არის უსაფრთხო გრძელვადიან პერსპექტივაში და რომ ეს ქვეყანა არის სტაბილური.

„შეიძლება, გეოპოლიტიკურად, ჩვენ ვახერხებთ ამის დამტკიცებას ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ საქართველოს საერთო სურათს რომ შეხედო, ძალიან მჭიდრო დროით მონაკვეთში არის შიდა ომები, ომი უცხო ქვეყანასთან, გადატრიალება და რაღაც ასეთი საკითხები. ალბათ დროით სივრცეში ცოტა უფრო რომ მოვმჯობინდებით შესახედავად, შეიძლება, კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ და დარწმუნებული ვარ, ამაში მოგვეხმარება მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მით უმეტეს, თუ მოლაპარაკებები დაიწყება ოპერატიულად და ამ მოლაპარაკებებში გამოჩნდება, რომ საქართველო მართლაც შეიძლება, ევროკავშირის წევრი ახლო მომავალში გახდეს, ეს ფაქტორი კიდევ უფრო დაგვაახლოებს იმ შესაძლებლობასთან, რომ საქართველომ აითვისოს ნიშა, რომელიც რეალურად შეუძლია, აითვისოს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ინტელექტუალური რესურსის მხარდაჭერა, რომელიც გასაძლიერებელი გვაქვს. ამ კუთხით, პოტენციალი მართლაც უზარმაზარია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეიძლება იყოს კატალიზატორი ჩვენი რესურსების განვითარების და სწორად გამოყენების“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.