ნუკრი შოშიაშვილი - ქართულ პოლიტიკურ ელიტას არ ესმის, რა სახე მიიღოს, კვლავ რაღაც „კმარა“, „თავისუფლების ინსტიტუტი“ შექმნეს, მუდმივად არის „ვარდების რევოლუციის“ განმეორების მცდელობა
ნუკრი შოშიაშვილი - ქართულ პოლიტიკურ ელიტას არ ესმის, რა სახე მიიღოს, კვლავ რაღაც „კმარა“, „თავისუფლების ინსტიტუტი“ შექმნეს, მუდმივად არის „ვარდების რევოლუციის“ განმეორების მცდელობა

საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალა გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად გაჩნდება, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა, რითიც უპასუხა წამყვანის შეკითხვას, არსებობს თუ არა ქართულ პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის შანსი.

„ის ვერ გაჩნდება გეოპოლიტიკურ ცვლილებებამდე. სოციალურ მედიაში და სივრცეებში მეტ-ნაკლებად პოპულარული არიან კონსერვატორები, მაგრამ პოლიტიკურ ველზე იმიტომ ვერ შემოდიან, რომ, პირველ რიგში, ისინი არ მიმიკრირებენ იმ გეოპოლიტიკურ წესრიგს, რაც ჯერჯერობით არსებობს. ჯერჯერობით ისევ არსებობს ნეოლიბერალური წესრიგი, რომელზეც მიმიკრირებს როგორც ოპოზიცია, ისე, ნაწილობრივ, ხელისუფლებაც. კონსერვატორული ჯგუფები გაჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ გლობალურ სისტემაში გაჩნდა კრიზისი. ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დაგვჭირდება მიმიკრია არა მარტო დასავლეთის, არამედ ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების. ამ შემთხვევაში გაჩნდება ახალი პოლიტიკური ძალები, სხვა შემთხვევაში კი ვართ ამ დასავლეთის აჩრდილის მიმიკრიის გაუთავებელ პროცესში, როცა პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან უფრო მეტ მიმიკრიაში და უფრო მეტ აბსურდულობაში. უკვე იქამდე მიდიან, რომ ეს მიმიკრიის პროცესი კარიკატურულია და სასაცილო“, – განაცხადა შოშიაშვილმა.

მისი თქმით, მოხდება თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება, დამოკიდებულია აშშ-ის არჩევნების შედეგებზე.

„ახლა ვართ იმ პერიოდში, როდესაც ქართულ პოლიტიკურ ელიტას არ ესმის, რა სახე მიიღოს. არ ესმის, რადგან კრიზისია. მან იცის ძველი მეთოდოლოგია მიმიკრიის, რომელიც დღეს უკვე აღარ მუშაობს და არ ესმით, რატომ არ მუშაობს. ამიტომ კვლავ რაღაც „კმარა“ შექმნეს, რაღაც „თავისუფლების ინსტიტუტი“, იგივე მოდელებს იმეორებენ, რაც 2003 წლამდე გამოიყენეს და მუდმივად არის „ვარდების რევოლუციის“ განმეორების მცდელობა. ამიტომ, თუ, მაგალითად, აშშ-ში ტრამპი მოვა, ჩვენთან აშკარად მოხდება ის, რომ ძალიან ლიბერალური მიმიკრია სახეს შეიცვლის და სხვა სახეს მიიღებს, ხოლო თუ ბაიდენი დარჩება, ალბათ, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, კიდევ უფრო აბსურდულ სახეს მიიღებს, თუმცა ტრამპის შემთხვევაშიც და ბაიდენის შემთხვევაშიც დადგება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საქართველოს უდგას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ურთიერთობას, რაც ჩინეთთან არის, ადგილობრივმა ელიტებმა რაღაცნაირად უნდა გასცენ პასუხი, უარს ამბობენ ამ სტრატეგიულ ურთიერთობაზე თუ აგრძელებენ რაღაცის დათმობის ხარჯზე“, – განაცხადა შოშიაშვილმა.

როგორც ისტორიკოსმა აღნიშნა, გეოპოლიტიკური აქტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არ არიან, რომ საქართველომ ფერი იცვალოს, კოალიციური მთავრობა არის იდეალური, რადგან ეს საქართველოს ფერისცვალების საშუალებას არ მისცემს.

„ეს საკითხი ამიტომ არის შემოტანილი დისკურსში, გააქტიურებულია და რატომღაც დაკავშირებულია დემოკრატიასთან. ყველას გვესმის, რომ გეოპოლიტიკური კრიზისი ახლოს არის, საქართველოსთვის აუცილებლად დადგება კრიტიკული მომენტი, თუ რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც არჩევანი. პრინციპში, ბოლო წლების განმავლობაში ერთგან უკვე იყო ეს კრიტიკული მომენტი, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. აგერ, სომხეთში რევანშისტული პოლიტიკა არათუ არ შეჩერებულა, არამედ საფრანგეთი და ინდოეთი გამალებული აწვდიან შეიარაღებას და მიდის სომხური საზოგადოების მილიტარიზაცია. არცერთი მხრიდან, არც აზერბაიჯანიდან და არც სომხეთიდან არ შეცვლილა ომის რიტორიკა და ყველას გვესმის, რომ ომი მაინცდამაინც შორს არ არის საქართველოსგან. შესაბამისად, ამ კრიტიკულ მომენტში გადარჩენისთვის აუცილებელია ძალაუფლების კონცენტრაცია და ხელისუფლების მხრიდან ეს მიზანი არსებობს. საერთოდ, ეპოქა ქმნის რაღაც მოთხოვნას და არა მმართველი კლასის ან რომელიღაც პოლიტიკური ელიტის ნება-სურვილი“, – განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა.