ზიგფრიდ შნაიდერი - თუ წითელ ხაზს გადაკვეთ, რაც ხალხისა და საზოგადოებისთვის ცუდია, უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ეს შეჩერდეს
ზიგფრიდ შნაიდერი - თუ წითელ ხაზს გადაკვეთ, რაც ხალხისა და საზოგადოებისთვის ცუდია, უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ეს შეჩერდეს

ვცდილობთ, გვქონდეს კარგი თვითრეგულირება, თუმცა საჭიროა შემაკავებელი მექანიზმი, –  ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გერმანიის მარეგულირებელი კომისიის (BLM) პრეზიდენტმა, ზიგფრიდ შნაიდერმა განუცხადა სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემის საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გერმანიაში არის თვითრეგულირების მექანიზმი, ასევე თვითრეგულირების რეგულატორები.

„ჩვენ გვაქვს თვითრეგულირების მექანიზმი, მაგრამ ასევე, ასე ვთქვათ, რეგულატორები ამ თვითრეგულირების. ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ ვინმე რამეს არასწორად გააკეთებს, ვუთხრათ, რომ ეს არასწორია. ვცდილობთ, გვქონდეს კარგი თვითრეგულირება, თუმცა საჭიროა შემაკავებელი მექანიზმი. ჩვენი მიზანია, ვთქვათ, რომ კი, ეს სიტყვის თავისუფლებაა, თუმცა თუ წითელ ხაზს გადაკვეთ, რაც ხალხისა და საზოგადოებისთვის ცუდია, უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ეს შეჩერდეს. ასევე უნდა არსებობდეს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ზიგფრიდ შნაიდერმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით,  საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს  ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის პირველი ივლისამდე  უნდა მიიღოს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს განაცხადა, რომ სიძულვილის ენის საკითხი ქართულ კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, რაც ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შეიტანა პარლამენტში, თუმცა ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად.

კომისია მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს.