კომუნიკაციების კომისია - მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ქართული ბაზარი არაკონკურენტულია, რაც წინასწარი რეგულირების გარეშე არ შეიცვლება
კომუნიკაციების კომისია - მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ქართული ბაზარი არაკონკურენტულია, რაც წინასწარი რეგულირების გარეშე არ შეიცვლება

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია და ეს გარემოება წინასწარი რეგულირების გარეშე, სულ მცირე, მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები დაზარალდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაზრის შესწავლის შედეგად ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს.

„კომუნიკაციების კომისიამ დღეს კომპლექსური კვლევის შედეგები და გადაწყვეტილების პროექტი საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. იმ შემთხვევაში, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება.

კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შესწავლილი იქნა მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი. კონკურენციის იდენტიფიცირებული პრობლემების შემდგომ საჭირო გახდა შესაბამისი საბითუმო ბაზრების დადგენა და აღნიშნულ ბაზრებზე სამი კრიტერიუმის ტესტის ჩატარება პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებადი საბითუმო ბაზრების გამოვლენის მიზნით. შესწავლილი გარემოებების შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მობილური მომსახურებების საცალო და მობილური დაშვების საბითუმო ბაზარი საქართველოში დაბალი დინამიკურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება და ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი (ex-ante) რეგულირების არარსებობის პირობებში ეს მოცემულობა არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებად საბითუმო ბაზარზე ჩატარდა დამატებით სიღრმისეული კვლევა, რომლის შედეგადაც ევროკავშირის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი გამოავლინეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს, რაც, მათი მტკიცებით, მობილური მომსახურებების ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ მდგომარეობას გააუმჯობესებს და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან არჩევანს და ხელმისაწვდომ პირობებს შექმნის.

კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისის საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან კვლევის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა.

შეგახსენებთ, 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე, მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.