კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა BEREC-ის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა BEREC-ის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების ორგანოს (BEREC) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მიზნად დაინტერესებულ მხარეებს შორის ტელეკომუნიკაციების სექტორის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობას ისახავდა.

ღონისძიების პირველ ნაწილში BEREC-ის სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეებმა ტელეკომუნიკაციების სექტორის დაინტერესებულ მხარეებს 2024 წლისთვის დაგეგმილი საქმიანობა და თითოეული სამუშაო ჯგუფის პრიორიტეტები გააცნეს, რის შემდეგაც აღნიშნულთან დაკავშირებით მონაწილეების მოსაზრებები მოისმინეს. BEREC-ის ფარგლებში ამჟამად შექმნილია 12 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებლების ექსპერტებს აერთიანებენ და ისეთ თემატურ მიმართულებებს ფარავენ, როგორებიცაა ბაზრისა და ეკონომიკური ანალიზი, სარეგულაციო გარემო, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, როუმინგი, ასევე, ფიქსირებული ქსელის ევოლუცია, ციფრული ბაზრები, კიბერუსაფრთხოება და სხვა.

ფორუმის მეორე ნახევარი თემატურ მოხსენებებსა და პანელურ სესიებს დაეთმო, სადაც განიხილებოდა ევროპის ციფრული ინფრასტრუქტურის საჭიროებების დასაძლევად ევროკომისიის მიერ შემუშავებული პოლიტიკის ახალი ინიციატივები. შესაბამისი პანელური დისკუსიის ფარგლებში, ევროკომისიის ინიციატივების დოკუმენტზე (White Paper) როგორც ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის, ასევე BEREC-ის და ტელეკომუნიკაციის სექტორის, კერძოდ, ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, Iliad Group-ისა და ესპანური სატელეკომუნიკაციო კომპანიის, Telefonica-ს წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს.

ციფრული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მდგრადობის მნიშვნელობის ზრდის საკითხების განხილვას ფორუმის მეორე პანელური დისკუსია დაეთმო, რომლის ფარგლებშიც, უკრაინის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ ჟივოტოვსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ უკრაინის ტელეკომუნიკაციის ქსელებზე განხორციელებულ შეტევებზე ისაუბრა და ის გამოწვევები მიმოიხილა, რომლის წინაშეც უკრაინაში ტელეკომუნიკაციის სფერო დგას.

ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო BEREC-ის 2025 წლის სამუშაო გეგმის განხილვის პროცესში, რომელიც BEREC-ის 2024 წლის თავმჯდომარემ, ხორვატიის მარეგულირებელი ორგანოს (HAKOM) საბჭოს თავმჯდომარემ, ტონკო ობულიენმა და BEREC-ის 2025 წლის თავმჯდომარემ, ირლანდიის მარეგულირებელი კომისიის (ComReg) თავმჯდომარემ, რობერტ მოურიკმა წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის კოლეგა მარეგულირებლებთან თუ სექტორის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.