კახა ბექაური - სიძულვილის ენის საკითხი ჩვენს კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, რაც ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება
კახა ბექაური - სიძულვილის ენის საკითხი ჩვენს კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, რაც ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე გამართულ შეხვედრაზე სიძულვილის ენის პრობლემის საკითხი დააყენა.

როგორც კახა ბექაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დაკავშირებულია საარჩევნო პროცესთან, თუმცა ამავე დროს, საარჩევნო პერიოდსაც სცდება.

„ეს არის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული, მაგრამ სცდება საარჩევნო პერიოდსაც. საქმე ეხება სიძულვილის ენის საკითხის პრობლემას, რომელიც არ არის მხოლოდ საარჩევნო პერიოდის საკითხი. დღეს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან. სიძულვილის ენის საკითხი ჩვენს კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, ანუ არის თვითრეგულირებაში და არა რეგულირებაში. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით, ანუ საარჩევნო პროცესის გარეთაც, ვალდებულება გვაქვს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების, მათ შორის სიძულვილის ენის პრობლემის კუთხით“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

როგორც მან განმარტა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტს ახორციელებდა ევროსაბჭო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ყველა დასკვნაში დაიწერა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან, სიძულვილის ენა უნდა ამოვიდეს თვითრეგულირებიდან და გადავიდეს რეგულირებაში, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი მექანიზმი, რომ მედიასივრცეში აღმოფხვრილი იყოს სიძულვილის ენით საუბარი.

„ამის საფუძველზე ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შევიტანეთ პარლამენტში. ექვსი თვის წინ დავარეგისტრირეთ წინადადების სახით და ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად. ეს არის მეორე პრობლემა. ამ საკითხის შემდეგი პრობლემაა, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულებას ასოცირების შეთანხმება გვავალდებულებს 2019 წლის პირველ  ივლისამდე. ანუ სავარაუდოდ, ვეღარ ესწრება ამის მიღება და აღნიშნულ ვადას დავარღვევთ, რაც ცუდია. ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზება სავალდებულო ნორმაა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა – სიძულვილის ენა ევროპაში რეგულირდება. სახელმწიფოს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში აქვს ეფექტიანი მექანიზმი და დარღვევად იქნება მიჩნეული, თუ ამას საქართველო თვითრეგულირებაში დატოვებს.

„ეს  საკითხი ცხარე დისკუსიის საგანი იყო ჩვენი კომისიის ინიციატივით გამოინახა ძალიან კარგი კომპრომისი და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც დაეთანხმნენ, თან ისე, რომ ვალდებულებაც შეგვესრულებინა ევროპული დირექტივების და თან რაღაც რეგულირებაშიც მოგვექცია, რათა გაგვეზრადა თვითრეგულირების ეფექტიანობა. თუ დაირღვა კანონმდებლობა, პროექტი ითვალისწინებს, რომ, რა თქმა უნდა, ეს რჩება თვითრეგულირებაში, ჯერ თვითონ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოები განიხილავენ და თუ დაინტერესებული პირი, ვის მიმართაც სიძულვილის ენა იყო გამოყენებული, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა გასაჩივრების საშუალება კომისიაში ან სასამართლოში“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ამასთან, მან დღეს მოქმედი ნორმა განმარტა და ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა.

„დღევანდელი ნორმა რაც არის, საოცრებაა და არავის სჯერა. დღეს არის ასე  – სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და ბავშვებზე მავნე ზეგავლენა თვითრეგულირებაში განიხილება, ანუ იქ, სადაც დაირღვა. ეს ინტერესთა კონფლიქტია, დამრღვევს გამოაქვს თავის თავზე გადაწყვეტილება, დააშავა თუ არა. კანონში წერია, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არსად აქვს დაინტერესებულ პირს. შოკში ვარდებიან ევროპელი ექსპერტები ამას რომ კითხულობენ,“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით,  საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს  ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის პირველი ივლისამდე  უნდა მიიღოს.