ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს

უკრაინაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს. ამის შესახებ საუბარია „ბელინქეთის“ „ინსაიდერის“ და „შპიგელის“ ერთობლივ საგამოძიებო მასალაში.

აღმოჩენილი მტკიცებულებების თანახმად, ხანგოშვილის მკვლელი, რომელიც თავს ვადიმ სოკოლოვს უწოდებს, სინამდვილეში, არის ვადიმ კრასიკოვი, ადამიანი, რომელსაც კავშირი აქვს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

ხარკოვში კრასიკოვის სიდედრის სახლში ჩხრეკის დროს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა იპოვეს ქორწინების მოწმობა „ვადიმ კრასიკოვის“ სახელზე და ფოტო, რომელიც მკვლელის ნამდვილი გვარის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. „ინსაიდერმა“ კრასიკოვის აღმოჩენილი ფოტო მანამდე არსებულ ფოტოს სპეციალურ პროგრამებს შეადარა, სადაც ირკვევა, რომ საქმე ერთსა და იმავე ადამინთან ჰონდათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია ფოტო, სადაც კრასიკოვის ტატუირება ჩანს და ისინი ასევე ემთხვევა მკვლელობაში ბრალდებულის ტატუირებას.

უკრაინის სამართალდამცავებმა ფოტოები გერმანელ კოლეგებს გადასცეს და უახლოეს დღეებში, ალბათ პროკურორები გაეცნობიან.

ურთიერთობები გერმანიასა და რუსეთს შორის შეიძლება უფრო გაუარესდეს, თუ ბერლინის უზენაესმა სასამართლომ კრასიკოვი გერმანიის მიწაზე მოსკოვის სახელით მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინის ცენტრში, მეორე ჩეჩნური ომის მონაწილე, 40 წლის ხანგოშვილი პისტოლეტის სამი გასროლით მოკლეს. 2002 წლიდან ზელიმხან ხანგოშვილს რუსეთში ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით ეძებდნენ და იგი ასევე ბრალდებული იყო 2004 წლის ივნისში ნაზრანზე ბოევიკების თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეში.

2005 წლიდან ხანგოშვილი საქართველოში ცხოვრობდა. 2015 წელს თბილისში მასზე თავდასხმა განხორციელდა, ერთი წლის შემდეგ კი გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა. ბერლინში ცხელ კვალზე დააკავეს ხანგოშვილის მკვლელი, რომელიც ევროკავშირში ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით შევიდა. ოფიციალურად მისი ვინაობა დადგენილი არ არის. გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ხანგოშვილზე თავდასხმა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების შეკვეთით განხორციელდა. კრემლი ამას უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხანგოშვილს „სისხლიანი ადამიანი“ უწოდა და ივარაუდა, რომ იგი კრიმინალური გარჩევისას მოკლეს. გერმანიამ ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი გააძევა.