საგარეო უწყება - ქართული მხარე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალადობრივი ქმედება
საგარეო უწყება - ქართული მხარე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალადობრივი ქმედება

ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალადობრივი ქმედება და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისთვის.

„ბერლინის ფედერალური მიწის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის მე-2 სენატმა, 2019 წლის 15 აგვისტოს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ.-ს, იგივე ვადიმ ს.-ს მკვლელობისა და ნახევრად ავტომატური მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს სენატის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მთავრობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოდან მიიღო ბრძანება, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, თორნიკე კ.-ს ბერლინში ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის ცენტრალური სახელმწიფოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა და ჩეჩნეთის მეორე ომში მისი როლის გამო“.

მოგეხსენებათ, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს. მათ შორის, გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქისთვის ბრალის წაყენების და მკვლელობის შემკვეთად რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო უწყებების დასახელების შემდგომ, მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ეს ძალადობრივი ქმედება და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.