გერმანული მედიის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
გერმანული მედიის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც გერმანული მედია წერს, ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ ვადიმ კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს მოქალაქის, წარმოშობით ჩეჩენის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს.

დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქის დანაშაული დამტკიცებულია და ვადიმ კ.-სთვის სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მოითხოვა. ამასთან, გენერალურმა პროკურორმა ნიკოლაუს ფორშნერმა თქვა, რომ დარწმუნებულია, მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს და ის რუსეთის სახელმწიფო უწყებების შეკვეთით იყო ორგანიზებული.

გერმანიის პროკურატურის ცნობით, ვადიმ კ. ბერლინში საფრანგეთისა და პოლონეთის გავლით ყალბი პასპორტით ჩავიდა. მკვლელობას ჰყავდა თვითმხილველები, ხოლო მისი მარშრუტი დადგინდა სატელეფონო სიმბარათის საშუალებით.

ბრალდების მხარემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ხანგოშვილი იბრძოდა რუსეთის არმიის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რის გამოც მოსკოვი მას მტრად მიიჩნევდა და სწორედ ამიტომ მოხდა მისი ლიკვიდაცია.

სასამართლო განხილვა ამ საქმეზე 14 თვე გაგრძელდა, დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით იყო ძებნილი. ხანგოშვილი გერმანიაში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც 2015 წელს საქართველოში მას თავს დაესხნენ.