ბერლინის სასამართლოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე პროცესი განახლდა
ბერლინის სასამართლოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე პროცესი განახლდა

ბერლინის სასამართლოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც გერმანელი ჟურნალისტები იუწყებიან, 2 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა ინტერნეტ პლატფორმა „ბელინგქათის“ გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელმაც ბერლინში მოკლული ხანგოშვილის მკვლელის ვინაობის ამოცნობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მოწმის ვინაობა უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე სასამართლო პროცესზე არ გაუმხელიათ. სულ აღნიშნული მოწმის დაკითხვისთვის სასამართლომ ოთხი დღე გამოყო.

პროცესზე საუბრისას „ბელინგქათის“ ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილთან ერთად რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულია მისი მეუღლეც. მოწმის მტკიცებით, 2019 წელს ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის მეუღლე და შვილი მოსკოვიდან ყირიმში, შეცვლილი პასპორტებითა და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თანხლებით გაემგზავრნენ.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს აგვისტოში ბერლინში მოკლეს. მკვლელი მალევე დააკავეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მისი ამოცნობა შეძლეს და დაადასტურეს მისი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში გერმანიის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ.

ხანგოშვილის საქმის გახლივა 3 მარტსაც გაგრძელდება. განაჩენი კი, აპრილში უნდა გახდეს ცნობილი.