ზაზა სოფრომაძე - გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალი კლინიკას უახლოესი 24 საათის განმავლობაში დატოვებს
გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალი „მედიქლაბს“ უახლოესი 24 საათის განმავლობაში დატოვებს და სამშობლოში, შვედეთში გაემგზავრება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომელმაც პაციენტი კლინიკაში მოინახულა.
მისი თქმით, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, არც ქალს და არც ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, პაციენტი და მისი ოჯახის წევრები საქართველოში გაწეული მკურნალობით კმაყოფილები არიან.
გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. რვა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს – შვიდი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“. ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.
დაშავებულებს შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.