გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლაზე მთის კურორტების განვითარების კომპანია ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები, ადგილზე მუშაობს სამი სასწრაფოს ბრიგადა, რომლებსაც დაშავებულები გადაჰყავთ ჯერ გუდაურის ამბულატორიაში, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ჰოსპიტალიზაცია რეანომობილებით იქნება უზრუნველყოფილი.

ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოგზავნონ ექსპერტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანია აცხადებს, რომ სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.