საერთაშორისო კომპანიამ გუდაურში დაზიანებულ საბაგიროზე ძირითადი მოკვლევა დაასრულა
საერთაშორისო კომპანიამ გუდაურში დაზიანებულ საბაგიროზე ძირითადი მოკვლევა დაასრულა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „საძელეს“ საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტების დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანიის ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ „საძელეს“ საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

„საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მოწვევით მესამე დღეა, გუდაურში იმყოფებიან, ძირითადი მოკვლევა დაასრულეს და დასკვნის მოსამზადებლად იწყებენ მუშაობას.

კომპანიის ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ „საძელეს“ საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

„ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს დაფუძნდა და დღეს მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ტესტირების, ტექნიკური ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი.

16 მარტს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობამ სწორედ „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლები მოიწვია, რომლებმაც საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „დოპელმეიერის“ წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმედღიანი, დეტალური მოკვლევა განახორციელეს.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურს დღეს დატოვებენ. მათ მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.