დიმიტრი ქუმსიშვილი - მინდა, დავარწმუნო ჩვენი სტუმრები, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია
დიმიტრი ქუმსიშვილი - მინდა, დავარწმუნო ჩვენი სტუმრები, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია და ყველას გავლილი აქვს შემოწმება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საბაგიროებზე მომუშავე პერსონალი სრულად გადამზადებულია.

„მინდა, დავარწმუნო ჩვენი სტუმრები, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია, ყველა საბაგიროს აქვს შემოწმება გავლილი. პერსონალი არის აბსოლუტურად გადამზადებული და შესაბამისად, მათ უნდა იცოდნენ ინსტრუქციები, რომლის მიხედვითაც უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევებში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, დასკვნის მიხედვით, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.