დასკვნის მიხედვით, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება 
დასკვნის მიხედვით, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 16 მარტს გუდაურში საბაგიროს დაზიანების დროს შეცდომა დაუშვა ოპერატორმა, რომელემაც ძაბვის ვარდნის შემდეგ არ განახორციელა სწორი ქმედებები.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამოღებული ჩანაწერებიდან დადგინდა, რომ 16 მარტს ნამდვილად იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით

„ოპერატორს უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. რაც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი. დასკვნა, რომლიც ჩვენ გვაქვს, გადაეცემა უკვე შსს-ს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხსიმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს” , – განაცხდა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ოპერატორი, რომელიც გუდაურის საბაგიროზე მუშაობდა, უკვე ჩამოშორებულია საქმიანობას.

მინისტრის ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მას მიმართა მთის კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა.

ექსპერტიზა გუდაურის საბაგიროზე კომპანია „ბიურო ვერიტასმა” ჩაატარა.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.