„ენერგო-პრო ჯორჯია“ - გუდაურის საბაგიროზე ავარიის დღეს ჩვენ ქსელში ძაბვა არ მომხდარა
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - გუდაურის საბაგიროზე ავარიის დღეს ჩვენ ქსელში ძაბვა არ მომხდარა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განმარტებით, გუდაურის საბაგიროზე ავარიის დღეს, კომპანიის ქსელში ძაბვის ვარდნა არ ყოფილა.

მათივე ინფორმაციით, ძაბვის ვარდნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ქსელში მოხდა, რომელსაც საკუთარი ტრანსფორმატორი აქვს.

„16 მარტს, საბაგიროს ავარიის დღეს ძაბვის ვარდნა ჩვენ ქსელში არ მომხდარა. იმავე დღეს ვთქვით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. დასკვნით გაირკვა, რომ ძაბვის ვარდნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ქსელში მოხდა, რომელსაც თავისი ტრანსფორმატორი აქვს. როგორც ვიცით, იქიდან მარაგდება საბაგიროები გუდაურში“, – განუცხადა პირველ არხს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, ავთო დვალიშვილმა.       

დასკვნის თანახმად, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება. მინისტრის თქმით, 16 მარტს გუდაურში საბაგიროს დაზიანების დროს შეცდომა დაუშვა ოპერატორმა, რომელმაც ძაბვის ვარდნის შემდეგ არ განახორციელა სწორი ქმედებები.

მისივე თქმით, ოპერატორი, რომელიც გუდაურის საბაგიროზე მუშაობდა, უკვე ჩამოშორებულია საქმიანობას. ასევე, თანამდებობა კიდევ ორმა პირმა დატოვა.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.