ზაზა ბაქრაძე - დანაშაულის გამო პასუხი უნდა ვაგო, ღმერთის, რობაქიძეების ოჯახისა და ჩემი შვილების წინაშე ვალმოხდილი ვიქნები
ზაზა ბაქრაძე - დანაშაულის გამო პასუხი უნდა ვაგო, ღმერთის, რობაქიძეების ოჯახისა და ჩემი შვილების წინაშე ვალმოხდილი ვიქნები

შეგუებული ვარ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას დამაკავებენ და დანაშაულის გამო პასუხი უნდა ვაგო, მაგრამ ღმერთის, რობაქიძეების ოჯახისა და ჩემი შვილების წინაშე ვალმოხდილი ვიქნები, – განაცხადა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ზაზა ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ძალიან უახლოეს მომავალში საქართველოში დავბრუნდე და ჩვენება მივცე. დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავეცანი პროკურატურის განცხადებას, რომ თუ საქართველოში სასწრაფოდ დაბრუნება ვერ მოხდება, საშუალება მომეცემა, სკაიპით დამკითხონ. პროკურატურიდან არავინ დამკავშირებია, მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა, რომ არც გამოძიებაში და არც სასამართლოში ჩვენების შეცვლას არ ვაპირებ და მზად ვარ, ჩვენება მივცე, სკაიპით იქნება ეს თუ სხვა ფორმით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია გურამ დონაძისა და სხვა ბრალდებულების განცხადებები იმის შესახებ, რომ ზაზა ბაქრაძესა და მთავარ პროკურატურას შორის გარიგება მოხდა, ზაზა ბაქრაძემ აღნიშნა, რომ იმ პიროვნების გვარიც კი არ იცის, ვინც პროცესს ესწრება და ამის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყო პროკურატურის განცხადებით, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა.

მისი თქმით, მისი დაკითხვა არ მომხდარა 2013 წელს, როცა მან მედიას ანალოგიური შინაარსის ინტერვიუ მისცა.

„იმ პერიოდში ჩემი დაკითხვა არ მომხდარა. გურამ დონაძემ განაცხადა, თითქოს, 2013 წელს პროკურატურა გამირიგდა, რომ დონაძის წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა და ამაში ფინანსური ანაზღაურებაც მივიღე. ამიტომ, პირველი, რასაც საქართველოში ჩამოსვლისა და ჩვენების მიცემის შემდეგ გავაკეთებ, გურამ დონაძეს სასამართლოში ვუჩივლებ და ის ვალდებული გახდება, თავისი განცხადებების გამო სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს“, – განაცხადა ბაქრაძემ. 

როგორც ზაზა ბაქრაძემ აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში მის ტელეფონზე მუქარის ზარები შედის, რომ ჯერ კიდევ აქვს დრო, გაჩუმდეს.

„ვინ არიან, არ მეუბნებიან. უბრალოდ, მითხრეს, რომ თბილისიდან, მერვე საპყრობილიდან მირეკავენ და ერთს ვასო ჰქვია, მეორეს დათო. აი, ახლა, თქვენი ეთერით ვაცხადებ, რომ რაც არ უნდა რეკონ და შეტყობინებები აგზავნონ, გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან ისინი ვინც არ უნდა იყვნენ, არ მეშინია. მე არც ბრალმდებელი ვარ და არც მოსამართლე, უბრალოდ, ვთქვი სიმართლე და დავადასტურე ფაქტი, რაც მოხდა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ზაზა ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ მუქარის ზარების გამო გურამ დონაძეს ბრალს არ სდებს, რადგან შესაბამისი ინფორმაცია არ გააჩნია, მაგრამ ადასტურებს, რომ გურამ დონაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო, მოგვიანებით ვიდეოზე გადაიღო და დაამონტაჟა ის აბსურდული შემთხვევის ადგილი, რაც ფიზიკურად არ ყოფილა და ეს მან სადღაც საათსა და ათ წუთში გააკეთა.