რომან გოცირიძე რობაქიძის საქმეს „შეთითხნილს“ უწოდებს
რომან გოცირიძე რობაქიძის საქმეს „შეთითხნილს“ უწოდებს

ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს ვერ მოუნელებია, რომ მისი გამოშვება აიძულეს, როგორც ჩანს, დარდებით ეღვიძება და ახლა სასამართლოს დაავალა, მისი პროცესები დაიწყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ვერ დააკავებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილს სერიოზული სანქციები დაემუქრება.

„ეს არის ბოლო გაფაფხურება. მას ვერ დააკავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან კარგად იცის, პირადად მას რა მოუვა, სერიოზული სანქციები დაემუქრება. ახლა, წინასაარჩევნოდ განწყობის ასამაღლებლად თავის გუნდს აჩვენებს, რომ არ დასრულებულა ოქრუაშვილის პროცესი – მე მაიძულეს და მეც ვაიძულე პრეზიდენტი, რომ შეეწყალებინაო, მაგრამ, ნუ გეშინიათ, ჩვენ კიდევ რაღაცის თავი გვაქვსო.

არაფრის თავი არ აქვთ. გაბედავს? – იმავე წუთას ჩაუკეტავენ საზღვრებს. ვერც ევროპაში შეყოფს თავს და ვერც ამერიკაში, მისი ფულიც დაყადაღებული იქნება, სანქციებიც დაედება. ამიტომ, უნდა შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დევნა, შანტაჟი და გამოუშვას გიორგი რურუა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, ოქრუაშვილის საქმეზე თუ შეკითხვები ისმის, რატომ არ უნდა დაისვას, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ე.წ. კითხვები შეიძლება ყველაფერზე ჰქონდეს.

„სატელეფონო საუბარს, რაღაცას შეგითითხნიან და მერე ამტკიცე, რომ არ აპირებდი ივანიშვილის ზვიგენის დახრჩობას. კითხვების გამოგონება არ გაუჭირდებათ, მაგრამ ეს კითხვები აბსურდულია“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, „შეთითხნილია რობაქიძის საქმე?“, გოცირიძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა“.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ამ თემაზე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარება ძველი საქმეების გაცოცხლებაა.

ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარება 8 მარტის შეთანხმების ჭრილში უნდა განიხილებოდეს.