სოსო რობაქიძე - მოვითხოვ დამნაშავეების მაქსიმალურად დასჯას, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილმა პროკურორმა ირაკლი წერეთელმა მაშინ მითხრა, საქმეს მაყალბებინებენო და დამისახელა ოქრუაშვილი, დონაძე, ადეიშვილი
სოსო რობაქიძე - მოვითხოვ დამნაშავეების მაქსიმალურად დასჯას, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილმა პროკურორმა ირაკლი წერეთელმა მაშინ მითხრა, საქმეს მაყალბებინებენო და დამისახელა ოქრუაშვილი, დონაძე, ადეიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მოწმის სტატუსით დაიკითხა.

რობაქიძე ჩვენებაში აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეს ყოფილი მაღალჩინოსნები აყალბებდნენ.

„ბუტა ისეთი ბავშვი იყო, რომ 10-11 საათზე სახლში იყო, მორიდებული ბიჭი იყო, ვარჯიშობდა, სწავლობდა. ბიჭებმა გამოუარეს, დიღომში დატოვეს ახალი შეუღლებულები. წერეთელზე უნდოდათ დაეტოვებინათ ერთი ბიჭი. ათს აკლდა წუთები, იამ დამირეკა, რომ ბუტა არაა სახლში მოსულიო. ჩავედი კეკელიძის ქუჩაზე და ვნახე, რომ რაღაც თავშეყრა იყო. ნიღბიანი პირებიც იყვნენ. ავედი სახლში, კარზე აბრახუნებენ ძლიერად. როდესაც შემოვიდა გამომძიებელი, მას რამდენიმე ნიღბიანი შემოყვა. დაიწყეს ჩხრეკა, ამოაყირავეს მთელი სახლი. მე არც ვიცოდი, თუ ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო. დავურეკე პოლიციის უფროსს, დათო იაშვილს და ვეკითხები, რა ხდება-მეთქი, რატომ არის ჩხრეკა. მითხრა, საჭიროაო და დამიკიდა ყურმილი.

მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა, ბუტა დაჭრილია და საავადმყოფოშიაო. ვირბინე მიმღებებში, სად არ ვირბინე და არაფერი. ერთი ვიცი, რომ დაჩეხილი იყო ჩემი შვილი და სიმართლე არავინ თქვა. 11 თვის შემდეგ გამატანეს ჩემი შვილის კურტკა და ჩემთვის დამთავრდა გამოძიება, რომ ამბობენ, ბაშალეიშვილს გაუვარდაო. კასეტას დონაძე დიდი ხანი მალავდა.
მე მიკვირს ერთი რამ, პოლიციელი, რომელმაც ტაბელური იარაღით მოკლა ჩემი შვილი, ორი წელი დამნაშავეს ეძებდნენ, ცხრა თვე ამუშავეს პოლიციაში.

დაბლოკილები ვიყავით, გვაფურთხებდნენ, არავინ გვაშუქებდა. ერთი მახსოვს მაშინ პირველი არხის გოგო იყო, გააშუქა და მერე მგონი, საერთოდ გააგდეს სამსახურიდან.
ეს ბავშვები ვერ გატეხეს, ნაცემები ჰყავდათ, ერთ-ერთს ბუტაზე უთხრეს, ნახე, შენი ძმაკაცი როგორ ფართხალებსო.

ბაშალეიშვილმა როცა გაისროლა და მოკლა, იმ წუთშივე უნდა დაედოთ ხელბორკილი. მე როცა შევედი ირაკლი წერეთელთან, ასე მითხრა, წადი, მიშას და ადეიშვილს ჰკითხე, რა ვქნა, ზეწოლის ქვეშ ვარო. გამომძიებელმა პირდაპირ მითხრა, რომ ეს გამოძიება არააო. ჯერ თქვეს, რომ ორმხრივი სროლის შედეგად მოკლესო, მერე გერმანული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ბაშალეიშვილს უთხრეს, მოდი, თქვი, რომ გაგივარდაო. ბაშალეიშვილი მაშინ ნასვამი იყო. ბაშალეიშვილმა, რომელმაც ესროლა, იარაღის ტარი ჩაარტყა თავში. წერეთელი ყოველ მისვლაზე მეუბნებოდა, წნეხის ქვეშ იყო და საქმის გაყალბებაზე ლაპარაკობდა“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ, რომელიც ჩვენების მიცემისას შეუძლოდ გახდა.

მას მედიკოსების დახმარება არ დასჭირვებია. მოგვიანებით, სოსო რობაქიძის დაკითხვა კვლავ გაგრძელდა.

სოსო რობაქიძემ საქმეში მონაწილე პირების მაქსიმალურად დასჯა მოითხოვა.

„მე, როგორც დაზარალებულად ცნობილი, მოვითხოვ ამ ხალხის მაქსიმალურად დასჯას. დანარჩენ შემთხვევაში, მე ამას გავასაჩივრებ. მამაჩემმა ზუსტად მაგიტომ დაიწყო ბრძოლა, რომ დაემტკიცებინა, ჩემი შვილიშვილი ბანდიტი არ არისო. თურმე ჩემი შვილი ბანდიტია, ეს ყველაფერი რომ არ გამოუვიდათ, მაგიტომ გააკეთეს, მოდი, ბუტას მკვლელი დავსაჯოთ გავარდნაზეო. ავტომატი, რომელიც ჩემს შვილს ჰქონდა დამაგრებული, სად წაიღეს. რა, ირაკლი ოქრუაშვილმა არ მოახდინა ჩვენი შეურაცხყოფა? თურმე საფრანგეთში ვიყავი და ფული მომითხოვია? ეს კაცი არის მატყუარა. კაბინეტში მითხრა ირაკლიმ (წერეთელი), მაყალბებინებენ, რა ვქნაო და დამისახელა ოქრუაშვილი, დონაძე, ადეიშვილი. ბოლო შეხვედრაზე, სადაც მძიმე საუბარი გვქონდა, მითხრა, ჩემი საქმის მე ვიციო. რაც შეეხება გამომძიებელ მიქაბაძეს, ადეიშვილთან როცა იყო შეხვედრაზე, იქ თქვა ადეიშვილმა, ოქრუაშვილი რასაც იტყვის, ის გააკეთეთო. მიქაბაძეს ბევრჯერ უხსენებია ოქრუაშვილი. უშუალოდ დამავალაო, ეგ ვერ იტყოდა, მის დაქვემდებარებაში არ იყო“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიცრებაში ადანაშაულებს და მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ედავება.