ზალკალიანი ოპოზიციას - 2008 წლიდან 2012 წლამდე როდის იყო საქართველოს საკითხი განხილული გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში ან ეუთო-ში, რატომ ვერ შეძლო თქვენმა მთავრობამ სანქციების მიღება კონფლიქტიდან მოკლე დროში
ზალკალიანი ოპოზიციას - 2008 წლიდან 2012 წლამდე როდის იყო საქართველოს საკითხი განხილული გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში ან ეუთო-ში, რატომ ვერ შეძლო თქვენმა მთავრობამ სანქციების მიღება კონფლიქტიდან მოკლე დროში

როგორ შეიძლება ჩიხურ სიტუაციაზე ვილაპარაკოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, როდესაც ასეთი წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან, რაზეც მეტყველებს ის ფორმატები და იქ მიღწეული შედეგები, რომელზეც მე დღეს გამოსვლაში ვისაუბრე – თუნდაც 21 ნოემბრის უმაღლესი დონის შეხვედრა ბრიუსელში, ასევე ასოცირების საბჭოს პრესრელიზი, სადაც მკაფიოდ არის ყველაფერი ასახული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ევროპელი პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი ქვეყანაა.

„ჩვენ ხომ მსგავსი პრესრელიზის დაწერას ძალით თავს არავის ვახვევთ. ეს არის ასახვა და შეფასება იმისა, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხედავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არის ლიდერი ქვეყანა. ამ ყველაფერს როგორ შეიძლება „ჩიხური საგარეო პოლიტიკა“ უწოდოთ? თუნდაც დღეს გამოქვეყნებული ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში ავიღოთ, სადაც გენმდივანი, ღია კარის პოლიტიკის თავში საუბრობს საქართველოზე, როგორც კრიტიკულ პარტნიორზე, რომელიც აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი“, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციის წარმომადგენელს, სალომე სამადაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ჩიხური სიტუაციაა.

მინისტრი თავის საპასუხო გამოსვლაში ასევე შეეხო რუსეთის თემასაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა ქმედება და აქტივობა საერთაშორისო ფორმატებში, რა თქმა უნდა, არის რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ განხორციელებული.

„2008 წლიდან 2012 წლამდე როდესმე ყოფილა უშიშროების საბჭოს ფორმატში რუსეთი ასეთი კრიტიკული შეფასების საგანი? ან ეუთო-ს მინისტერიალებიდან ერთი განცხადება მაინც შემახსენეთ აღნიშნული პერიოდის. როგორც ვიცით, ეუთო-ში კონსენსუსის პრინციპი არსებობს და ჩვენ გამოვიყენეთ ახალი შესაძლებლობები, იმისთვის, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები დაგმობილი ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ოდესმე ყოფილა, რომ აშშ-ის საკანონმდებლო აქტში რუსეთის ქმედებები ასეთი სიმკაცრით ყოფილიყო დაგმობილი, ოკუპაციას ოკუპაცია დარქმეოდა და საქართველო ყოფილიყო სანქციების ნაწილში მოხსენიებული? 2008 წელს, როდესაც ახალი დამთავრებული იყო ომი რუსეთთან, რატომ ვერ შეძლო თქვენმა მთავრობამ სანქციების მიღება? ხომ იყო შესაბამისი სიტუაცია იმისათვის, რომ მოგეხდინათ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო საქართველოსადმი მოპყრობილი? დღეს, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ სიტუაციაში, რისი გაკეთებაც შეიძლება და რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.​