ზაალ უდუმაშვილი - სამწუხაროდ, პრეზიდენტს არ ეყო გამბედაობა, ღიად მოეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში გადაეყვანათ
სააკაშვილი რომ განსაკუთრებული პატიმარია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სამწუხაროდ, პრეზიდენტს არ ეყო გამბედაობა, ღიად მოეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ ის გადაეყვანათ შესაბამის კლინიკაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან უფრო მკვეთრ პოზიციას ელოდებოდა.
„ასე ნახევრად ნათქვამი არასოდეს არ აღიქმება, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პირის პოზიცია. ნახევარი სიმართლითაც რთულია შესაბამისი აზრი გამოიტანო. ველოდებოდი უფრო მკვეთრ პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
რაც შეეხება რისკებს, იქნებ დაასახელონ რა რისკებთან არის დაკავშირებული პრეზიდენტის გადაყვანა კლინიკაში. როდესაც რისკის ქვეშ დგას პრეზიდენტის სიცოცხლე, ვერ წარმომიდგენია, სხვა რა რისკი უნდა იყოს ამაზე მაღალი, როდესაც ხელისუფლებას საშუალება და შესაძლებლობა აქვს, რომ გადაარჩინოს პრეზიდენტი და ის ამას არ აკეთებს. ვიდრე ასეთ განცხადებებს გავაკეთებთ, რისკები ერთმანეთს შევადაროთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა ერთია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე აღნიშნა: „თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია“.
ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ევალება, საზოგადოებას აცნობოს, კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.