პარლამენტი ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 9 ივნისს განიხილავს
პარლამენტი ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 9 ივნისს განიხილავს

პარლამენტი 9 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში ხუთშაბათს ჩვენ განვიხილავთ ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ 29 მაისს განაცხადა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ის მედიაში ბრუნდება. მოგვიანებით, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ მეათე მოწვევის პარლამენტსაც ტოვებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს პარლამენტში ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს. პარტიას პარლამენტში 29 დეპუტატი ეყოლება.