სალომე ზურაბიშვილი - თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი ვერ იქნება, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ საფრთხეებიდან გამომდინარე, მისი სამოქალაქო სივრცეში გადაყვანა უფრო რთულად განსახორციელებელია
სალომე ზურაბიშვილი - თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი ვერ იქნება, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ საფრთხეებიდან გამომდინარე, მისი სამოქალაქო სივრცეში გადაყვანა უფრო რთულად განსახორციელებელია

თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერი და ბერი იმეორებს, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში, თუმცა არ აქვთ რეალური წარმოდგენა, რა საფრთხეებთან არის ეს დაკავშირებული.

„ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილ იყოს სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს, ანდა რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა, თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს. რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრები, ანუ სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ევალება, საზოგადოებას აცნობოს, კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს.

„კიდევ ერთხელ, ნუსხა არის საჭირო და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.

„ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის, თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიეკუთვნება სხვა კატეგორიას – საჯარო და არა პირად მონაცემებს. იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს, რამეთუ ყველა კარგად ხვდება, რომ მათი, პრეზიდენტების ჯანმრთელობა პირდაპირ, თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე. ასევე, ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება, გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს, მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას.

ლოგიკურად, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით, ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ კიდევაც ამას. თავის მხრივ, საზოგადოებას უფლება აქვს, ჭორების, ცრუ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება. მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად შესრულებას და არა ნაწილობრივ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.