სალომე ზურაბიშვილი - კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას
სალომე ზურაბიშვილი - კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამისი უწყებებისგან რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საშუალება მიეცა, ესაუბრა საქართველოს გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.

„შევხვდი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს, საფრანგეთის, ესტონეთის, ისლანდიის პრეზიდენტებს. იუნესკო-ში, სადაც ასევე გამოვედი სიტყვით, კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული და აფხაზური ენის გადარჩენის უმწვავეს საკითხს. გუშინ კი, ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გავმართე MEDEF-ის დელეგაციასთან, რომელიც თავის დროზე მოვიპატიჟე და სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო ერთი წლით, რათა ადგილზე გაეცნოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ეს ყველაფერი, ქვეყნის სახის, ღირსებისა და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა. სწორედ ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან, უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს, მის სტაბილურობას, ერთიანობასა და წინსვლას.

„სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დღესაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს.

„ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, ჩვენი საზოგადოება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან, მაგალითად, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.