„ყველაზე მეტი დარღვევა სასამართლო სისტემასა და სამართალდამცველთა საქმიანობაში დაფიქსირდა“
სასამართლო სისტემა და სამართალდამცველთა საქმიანობა, ვფიქრობ, იყო ყველაზე მთავარი საკითხი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი დარღვევები იყო დაფიქსირებული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, გაზრდილია გახმაურებული საქმეების რაოდენობა, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევები და ზოგადად, ამ კუთხით გაზრდილია ნეგატიური ფონი.
“ჩვენ ვაჯამებთ მიმდინარე 2017 წელს , ვსაუბრობთ ფაქტებით და ფაქტები არის სამწუხარო. წლის განმავლობაში იყო არაერთი საქმე, სადაც სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი და სამწუხაროდ, ჩვენ რომ შევადაროთ წინა წელს, ამ მხრივ, მიმდინარე წელი იყო გამორჩეული, სწორედ ამ ნეგატიური დატვირთვით, რადგან გაიზრდა ასეთი გახმაურებული საქმეების რაოდენობა, სადაც სერიოზული დარღვევები იყო დაფიქსირებული. სასამართლო სისტემა სამართალდამცველთა საქმიანობა, ვფიქრობ, იყო ის ყველაზე მთავარი საკითხი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი დარღვევები იყო დაფიქსირებული. “ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა აფგან მუხთარლისა და ე.წ. ციანიდის საქმეზე.
ანგარიშში, 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობის შესახებ საუბარია პოზიტიურ მიღწევებზეც, მათ შორის, “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის” შესახებ, ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის რატიფიცირებაზე, ასევე, “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ”საქართველოს კანონის დამტკიცებაზე.
უჩა ნანუაშვილი მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს რელიგიურ ნიადაგზე ძალადობის შემთხვევების შემცირებას.
ასევე, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მიმდინარე წელს ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია მშვიდობიანი შეკრების დარბევას ან პროპორციული ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ანგარიშის პრეზენტაცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა.