სახალხო დამცველის წარმომადგენელი მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებს მოინახულებს
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებს უახლოეს დღეებში მოინახულებს. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ომბუდსმენის აპარატი უკვე სწავლობს აღნიშნულ საქმეს.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა, თუმცა უშუალოდ მონახულება არის დაგეგმილი. კონკრეტულად ამ დრომდე, როგორც ვიცი, ჯერ არ არის მონახულებული. უახლოეს დღეებში მოვინახულებთ“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა თუ არა რაიმე დარღვევა, ნანუაშვილს უჭირს შეფასება, რადგან მისი თქმით, ჯერ არ არის საკმარისი ინფორმაცია ანალიზის გასაკეთებლად.