უჩა ნანუაშვილი - გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც სპეცოპერაციასთან დაკავშირებით წარმოიშვა
უჩა ნანუაშვილი - გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც სპეცოპერაციასთან დაკავშირებით წარმოიშვა

გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც სპეცოპერაციასთან დაკავშირებით წარმოიშვა, თუნდაც როგორ მოხვდა ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საზოგადოებას სპეცოპერაციაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

“ჩატაევს ტერორიზმში ბრალი წაუყენეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, მანამდე არ არსებობდა ინფორმაცია,
​ყოველ შემთხვევაში, არ ყოფილა რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, რომ ის რაღაც კავშირში იმყოფებოდა ტერიტოსტებთან. პირიქით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იცავდა მას რამდენჯერმე, მათ შორის ლტოლვილის სტატუსი მისცა ავსტრიის ხელისუფლებამ. შეიძლება ითქვას, რომ შესაბამისი ინფორმაცია, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა ტერორიზმთან, მანამდე არ არსებობდა, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი უფლებადამცველის დამოკიდებულება უნდა იყოს მსგავსი, რომ უნდა დაიცვას ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს, რომ საუბარი იყო სხვა სახის დარღვევებზე, რომელიც საბოლოო ჯამში არ დადასტურდა და მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობის საკითხს, ნანუაშვილის თქმით, ეს სხვა საკითხია ისევე როგორც მუხთარლის საქმე.

“როდესაც საუბარია საქართველოს საზღვრების დარღვევაზე აქ რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურების და ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”, – განაცხადა ნანუაშვილმა.