ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ნაწილმა მუშაობა განაახლა
ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ნაწილმა მუშაობა განაახლა

ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ნაწილმა მუშაობა განაახლა, – ინფორმაცია პირველ არხს სასტუმროს ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა დაუდასტურა.

„სასტუმროს მე-5 სართული უკვე იღებს სტუმრებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანხმობით, სასტუმროს ნაწილი გაიხსნა, სადაც უსაფრთხოება სრულად დაცულია, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა“, – განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

ადმინისტრაციაში ვერ აკონკრეტებენ, როდის გაიხსნება სასტუმრო სრულად. ადვოკატი ამბობს, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და სასტუმრო უმოკლეს დროში სრულად ამოქმედდება.

ამასთან, 20 აგვისტოს, ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ მუშაობა კაზინომაც განაახლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ (სასტუმრო „ველმონდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. სასტუმრომ მუშაობა 17 აგვისტოს შეწყვიტა.

როგორც საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პრინციპული მოთხოვნაა, სასტუმრო „ველმონდში“ კვამლის გამწოვი სისტემა გაკეთდეს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.