საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსს სასამართლოში უჩივის
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსს სასამართლოში უჩივის

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსს სასამართლოში უჩივის. თბილისის საქალაქო სასამართლოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დღეს 17:00 საათზე პროცესი გაიმართება.

მოსარჩელე საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელისგან გიორგი ბახტურიძისგან მოითხოვს, უარყოს განცხადება, რომ სათამაშო ბიზნესი კრიმინალურია.

გიროგი ბახტურიძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის ალიანსი არ აპირებს მომჩივანის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და პირიქით, კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ სასამართლოს საშუალებით კიდევ ერთხელ განმარტოს, რატომ მიიჩნევა სათამაშო ბიზნესი კრიმინალურად არამხოლოდ საქართველოში.

„როდესაც სათამაშო ბიზნესს არ ზღუდავს მთელი რიგი რეგულაციები, რაც ადამიანს თამაშის მიდრეკილებისგან და შემდგომში დამოკიდებულებისგან დაიცავს, ის კრიმინალურ დატვირთვას იძენს. ვინაიდან თამაშდამოკიდებული ადამიანი კოტრდება, ავადდება და ზოგ შემთხვევაში თავს იკლავს. საქართველოში სამწუხარო სტატისტიკა გვაქვს გემბლინგის მსხვერპლთა თვითმკვლელობის შესახებ, აღარაფერს ვამბობთ გაკოტრებულ და დანგრეულ ოჯახებზე. სწორედ ამ ფაქტორების გამო, წლების წინ დღის წესრიგში დადგა საზოგადოების აქტუალური მოთხოვნა, სათამაშო ბიზნესის შესაზღუდავად, მთელი რიგი რეგულაციები დაწესებულიყო. სამწუხაროდ, სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, როგორც ჩანს, არ ათვითცნობიერებს არსებულ პრობლემებს და საზოგადოების მის მიმართ დამოკიდებულებას“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების დაწყებამდე პარლამენტს მიმართა, განეხილათ პროექტი კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, თამბაქოს მოხმარება არამხოლოდ კაზინოებში, სხვა სათამაშო სახლებშიც დაიშვებოდა.

„სამწუხაროდ, პარლამენტმა კანონპროექტი მოამზადა, საზოგადოების წინააღმდეგობისა და ხმაურიანი საკომიტეტო განხილვების მიუხედავად, პირველი მოსმენით კენჭიც უყარა. ამავე დროს, პარლამენტმა მხედველობაშიც კი არ მიიღო თამბაქოს კონტროლის ალიანსის წინადადება, სათამაშო ბიზნესის ყველა სახეობის თანაბარ მდგომარეობაში ჩასაყენებლად მოწევა კაზინოებშიც აეკრძალათ. ამიტომაც განვაცხადეთ, რომ დასანანია, პარლამენტის მხრიდან არა საზოგადოების დაკვეთისა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული წინადადებების, არამედ კრიმინალური ბიზნესის ინტერესის მხარდაჭერა.

როგორც ჩანს, პარლამენტში მყოფი მფარველებით გულმოცემულმა სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ გადაწყვიტა, თამბაქოს კონტროლის კანონის ყველაზე შეუვალი მცველი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი დაამარცხოს და კვლავაც განაგრძოს კანონის დისკრედიტაციის მცდელობა.

ვიმედოვნებთ, ხელისუფლება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო, პირველ რიგში, საზოგადოების დაკვეთებს და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს მიანიჭებენ პრიორიტეტს და არა ბიზნესს, რომელიც ადამიანის მსხვერპლად ქცევაზეა მობილიზებული და სხვისი უბედურებით აკეთებს ფულს“, – აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე.