ვახტანგ მახარობლიშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საკითხის დასაყენებლად ყველა პლატფორმას და შესაძლებლობას გამოვიყენებთ
ვახტანგ მახარობლიშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საკითხის დასაყენებლად ყველა პლატფორმას და შესაძლებლობას გამოვიყენებთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვალების ფაქტს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოჰყვეს,  – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მახარობლიშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის  განცხადება მისასალმებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ ამ ძალიან მძიმე და საზარელ შემთხვევას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოჰყვეს. ქართული მხარე საკითხის დასაყენებლად ყველა პლატფორმას და შესაძლებლობას გამოიყენებს.  მისასალმებელია ევროკავშირის მხრიდან განცხადების გაკეთება. მოლოდინი გვაქვს, რომ სხვა პარტნიორებიც გააკეთებენ განცხადებებს  ამ მიმართულებით  და შესაბამის შეფასებას მისცემენ“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრებს დღეს  ჟენევაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

„საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ჟენევაში იმყოფება, სადაც ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის კუთხით სხდომაში მონაწილეობს და  თავის გამოსვლაში აუცილებლად ისაუბრებს ამ შემთხვევაზეც. ბუნებრივია,  ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზეც გამახვილდება და ხაზი ამ საზარელ შემთხვევასაც გაესმევა“, – განაცხადა მახარობლიშვილმა და აღნიშნა, რომ მიხეილ ჯანელიძე აღნიშნულ საკითხზე ჟენევაში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრებზეც გაამახვილებს ყურადღებას, როგორც გაეროს გენერალურ მდივანთან, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უმაღლეს კომისართან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.