უპრეცედენტო კვლევის ფარგლებში, აღმოჩენილია მაიას ცივილიზაციის 60 000-ზე მეტი სტრუქტურა
ჩრდილოეთ გვატემალაში, სადაც ერთ დროს მაიას ცივილიზაცია ყვაოდა, ამ რეგიონის ისტორიაში უდიდესი კვლევა ჩატარდა. აღმოჩენილია აქამდე უცნობი 60 000-ზე მეტი სტრუქტურა. ლაზერების გამოყენებით ჩატარებული კვლევა ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის განმავლობაში არსებულ მოსაზრებას, რომ ეს ზონა დანარჩენ რეგიონთან ცუდად დაკავშირებული და მეჩხრად დასახლებული იყო.
მკვლევართა მიერ გამოვლენილ სტრუქტურებს შორის არის ფერმები, სახლები, თავდაცვითი ნაგებობები, 96 კმ სიგრძის ქვაფენილთა სისტემა, ცივილიზაციის ცენტრალურ დაბლობზე გაშენებული ქალაქების დამაკავშირებელი გზები და არხები.
მაიას უძველესი ცივილიზაცია გადაჭიმული იყი სამხრეთ მექსიკიდან გვატემალამდე და ბელიზამდე, ყვაოდა ძვ. წ. 1000 — ახ. წ. 1500 წლებს შორის. ბოლო კვლევა მოიცავდა გვატემალის პეტენის დეპარტამენტში არსებულ მაიას ბიოსფერულ ნაკრძალს, რომელიც 1335 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე ვრცელდება. გაუვალ ტყეებში მცენარეულობით დაფარული არქეოლოგიური ნაშთების აღმოსაჩენად, მეცნიერებმა lidar-ის ლაზერული ტექნოლოგია გამოიყენეს.
Lidar-ს შეუძლია მეცნიერები სწორ გზაზე დააყენოს, მაგრამ არ შეუძლია ხეების საფარის ქვეშ დაფარული ყველა ნაშთის პოვნა. სწორედ ამიტო, საჭირო გახდა lidar-ის მიერ გამოვლენილ უძველეს სტრუქტურათა გათხრები.
წარსულში არქეოლოგებს სჯეროდათ, რომ ჩრდილოეთ გვატემალაში მდებარე მაიას ცენტრალური დაბლობი შედგებოდა პატარა, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ქალაქი-სახელმწიფოებისაგან, რომლებსაც ერთმანეთთან მოქიშპე ელიტები მართავდნენ. მაგრამ ბოლო დროს, არქეოლოგებს შორის გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ზონა უფრო შეკავშირებული და მჭიდროდ დასახლებული უნდა ყოფილიყო.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები წერენ, რომ ხელში ჩაუვარდათ მყარი მტკიცებულებები, რომელთა საშუალებითაც მტკიცდება, რომ ცენტრალური დაბლობებს გააჩნდა კომპლექსური სტრუქტურა და ჰყავდა დიდი მოსახლეობა.
„მაიას ყოველი ქალაქი იმაზე გაცილებით დიდი და დასახლებული იყო, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა“, — უთხრა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, არქეოლოგმა ფრანსისკო ესტრადა-ბელიმ Science News-ს.
ახლად აღმოჩენილი სტრუქტურებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საფუძველზე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მაიას ცივილიზაციის გვიანდელ კლასიკურ პერიოდში (ახ. წ. 650-800 წ. წ.), ჩრდილოეთ გვატემალაში მაიას ხალხის 7-11 მლნ წარმომადგენელი ცხოვრობდა.
მკვლევართა თქმით, ახალი კვლევა ახდენს მაიას დემოგრაფიის, სოფლის მეურნეობისა და პოლიტიკური ეკონომიის სრულიად ახლებურ გაგებას.
მომზადებულია history.com-ის მიხედვით.