უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ტყვეობიდან 106 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა, რომლებიც ბახმუტის მიმართულებას იცავდნენ
რუსეთის ტყვეობიდან 106 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა, რომლებიც ბახმუტის მიმართულებას იცავდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
მისი ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არის რვა ოფიცერი, 98 სამხედრო და სერჟანტი.
„ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და გმირობა ჩაიდინეს, რომლითაც მტერს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით უფრო შიგნით შეტევის საშუალება არ მიეცა. ყველა მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია“, – განაცხადა ერმაკმა.
მისივე განცხადებით, გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედროებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, დღესვე მოხდა სამი დაღუპული სამხედროს ცხედრის დაბრუნება, მათ შორის ორი უცხოელია და ერთი უკრაინელი ქალი.