„ბიბისი“ - უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქში, სარაკეტო ძალების დღესთან დაკავშირებით კონცერტზე შეკრებილ რუს სამხედროებზე დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 20-მდე სამხედრო და მსახიობი პოლინა მენშიხი
„ბიბისი“ - უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქში, სარაკეტო ძალების დღესთან დაკავშირებით კონცერტზე შეკრებილ რუს სამხედროებზე დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 20-მდე სამხედრო და მსახიობი პოლინა მენშიხი

უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, სარაკეტო ძალების დღესთან დაკავშირებით კონცერტზე შეკრებილ რუს სამხედროებზე დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ჯარისკაცების შეკრებაზე იერიში 19 ნოემბერს სოფელ კუმაჩოვოში მიიტანეს.

მედიის ცნობით, რუსი სამხედროები საკონცერტო დარბაზში იყვნენ შეკრებილი, სადაც მათთვის წარმოდგენას მართავდა მსახიობი პოლინა მენშიხი. არსებული ცნობებით, დარტყმას 20-მდე რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. რუსეთის ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. რუსული მედიის ცნობით კი, დონეცკში დაბომბვის შედეგად რუსი მსახიობი პოლინა მენშიხი გარდაიცვალა.

უკრაინის სახმელეთო ძალებმა ტელეგრამარხში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, დარტყმის მომენტი ჩანს. კადრებში სცენაზე მსახიობის გამოსვლა ჩანს და ისმის აფეთქების ხმა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების 59-ე ბრიგადის მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც თქვა, რომ უკრაინის ჯარმა დარტყმა განახორციელა რუსეთის საზღვაო ქვეითთა 810-ე ბრიგადაზე, როდესაც სამხედროებს სარაკეტო ძალების დღესთან დაკავშირებით აჯილდოებდნენ. ბროვდი აღნიშნავს, რომ ეს იყო შურისძიება უკრაინის 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადაზე თავდასხმისთვის, რის შედეგადაც 19 სამხედრო დაიღუპა.