უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ 24 თებერვალს ბახმუტის რაიონში რუსეთის ძალებმა დახვრიტეს უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ
უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ 24 თებერვალს ბახმუტის რაიონში რუსეთის ძალებმა დახვრიტეს უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი აცხადებს, რომ 24 თებერვალს ბახმუტის რაიონში რუსეთის ძალებმა დახვრიტეს უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ. ამის შესახებ ომბუდსმენი ტელეგრამარხში წერს.

საუბარია უკრაინის თავდაცვის ძალების, სულ მცირე, შვიდ სამხედროზე.

„მორიგი სამხედრო დანაშაული, სავარაუდოდ, მოხდა 2024 წლის 24 თებერვალს ბახმუტის რაიონში. ჩვენ მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები ტყვედ ბარდებიან: მათ ხელები ჰქონდათ აწეუული, აჩვენებდნენ, რომ უიარაღო არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ. რუსებს ისინი ტყვედ უნდა აეყვანათ, თუმცა, ამის ნაცვლად, უმოწყალოდ დახვრიტეს. რუსების მიერ სიკვდილით დასჯილი უკრაინელების ზუსტი რაოდენობა უცნობია, სავარაუდოდ, სულ მცირე, შვიდნი იყვნენ“, – აღნიშნავს ლუბინეცი.

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, ეს შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მორიგი დარღვევა. უფლებადამცველი გაერო-სა და წითელი ჯვრისადმი მიმართვას გეგმავს.

ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში აღნიშნეს, რომ უკრაინელი სამხედროების დახვრეტა მოხდა დონეცკის ოლქის სოფლებს, ივანოვსკოესა და ხრომოვოეს შორის უკრაინული პოზიციების შტურმის დროს.

„დრონის კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩვენს დამცველებს ჯერ სანგრიდან გამოსვლას უბრძანებენ. ყველა მათგანის ერთ ადგილას შეკრების შემდეგ მტერი მათ ავტომატიდან ცეცხლს უხსნის. აგრესორი სახელმწიფოს სამხედროებმა გამიზნულად მოკლეს დაჭრილები და უიარაღო უკრაინელი მეომრები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულებელყოფით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.