უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს 
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს 

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ყოველდღიური მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქში გარკვეული წარმატებები აქვთ. გენშტაბის ინფორმაციით, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე დაიბრუნეს კონტროლი.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი დემიდოვის, დიმერის, ლიტვინოვკას, გავრილოვკას, კოზაროვიჩის, ჟოვტნევოეს, გლებოვკას, იასნოგოროდკას, ტალაკუნის, სუხოლუჩიეს, ლიპოვკას, გავრონშჩინას, მაკოვიშჩეს, მიკოლავკას და ხმელნაიას დასახლებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკვე დაკავებული პოზიციების დაცვაზე, ჯარების გადაჯგუფებასა და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაყვანაზე საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად. ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ემზადება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დამატებითი დანაყოფების (რეზერვების) უკრაინის ტერიტორიაზე გადასაყვანად საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად. შეიმჩნევა შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება ცენტრალურ სამხედრო ოლქშიც, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები ძირითად ძალისხმევას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში შეტევითი ოპერაციის ჩატარებისკენ მიმართავს.